ანაკლიის პორტით ჩინეთი, აშშ და გერმანია დაინტერესდნენ

მე მჯერა, რომ ანაკლიის პორტი იქნება საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი და ეს პროექტი იქნება ისტორიული.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიის მულტიფუნქციური პორტის მშენებლობის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის განცხადებით, ამ პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ტერიტორიების გავლით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა. ”ანაკლიის პორტი სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას მთელს რეგიონში და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას აქცევს ლოჯისტიკურ ჰაბად. ასეთ მასშტაბურ პროექტს ვთავაზობთ დღეს ინვესტორებს და ინტერესთა გამოხატვის პროცედურას გახსნილად ვაცხადებთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ყველა დაინტერესებულ კომპანიას ექნება საშუალება, დადგენილი წესით შეიტანოს განაცხადი.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, პორტმა ფუნქციონირება მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 წელიწადში უნდა დაიწყოს.

"ამ პროექტის განხორციელების შედეგად გაჩნდება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. მე ვარ დარწმუნებული, რომ ანაკლიის პროექტი ძალიან დიდ რეზონანს გამოიწვევს და ამით დაინტერესდებიან როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური კომპანიები. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები. დაინტერესდა ჩინეთი, აშშ, გერმანია. უმსხვილესმა კომპანიებმა უკვე გამოხატეს ინტერესი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ანაკლიის პროექტი იქნება სამაგალითო ინვესტიციების შემოდინების კუთხით", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.