2019 წელს ჩინეთის საცალო ბაზარი მოცულობის მიხედვით ამერიკისას გადააჭარბებს და მსოფლიოში უმსხვილესი საცალო ბაზარი გახდება. ამის შესახებ პროგნოზს კომპანია eMarketer-ი ავრცელებს.
ამავე პროგნოზით, წელს ჩინეთის ბაზარზე გაყიდვები 7,5%-ით გაიზრდება და 5,636 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, მაშინ როცა ამერიკის საცალო ბაზარი მხოლოდ 3,3%-ით 5,529 ტრილიონი იქნება. ამასთან, ორივე ქვეყანაში ზრდის ტემპი შენელდება - წერს eMarketer-ი.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ჩინეთზე მოდის მსოფლიო ონლაინ გაყიდვების ყველაზე დიდი წილი - საერთო საცალო ბაზრის 35,3%. ამ წილის 53,3% კი მოდის კომპანიაზე Alibaba, თუმცა მისი წილი წლიდან წლამდე მცირდება.
როგორც მოსალოდნელია, ჩინეთში ელექტრონული კომერციის მოცულობა 2019 წელს 1,989 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს, შედეგად კი ქვეყანაზე მოვა მსოფლიო საცალო ონლაინ ვაჭრობის 55,8%.
აშშ-ში კი საცალო ვაჭრობის მხოლოდ 10,9% მოდის ონლაინ კომერციაზე.
eMarketer-ის ინფორმაციით, უკვე 2022 წლისთვის აშშ-ის საცალო ვაჭრობა 6,03 ტრილიონამდე, ხოლო ჩინეთის 6,757 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.