1 წელიწადში შეძენილი 4 მიწის ნაკვეთი და ავტომობილი - როგორ შეიცვალა „ოცნების“ დეპუტატის ქონება წინა წელს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი შიოლაშვილმა 2018 წელს 4 მიწის ნაკვეთი (მრავალწლიანი ნარგავი-ვენახი) და მსუბუქი ავტომობილი შეიძინა.

ჯამში, უძრავი ქონების შეძენას დეპუტატმა 15 000 ლარი და 8 ათასი დოლარი დაახარჯა. მსუბუქი ავტომობილი - FORD TRANZIT კი 4 000 დოლარად იყიდა.

კერძოდ, 2019 წლის 21 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, შიოლაშვილმა გასულ წელს წინანდალში შეიძინა 2 384 კვადრატული მეტრი ფართობის, 5 600 კვ. მეტრი, 7 471 კვ. მეტრისა და 6 000 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთები (მრავალწლიანი ნარგავი-ვენახი).

გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით, შიოლაშვილი ფლობს ასევე წინანდალში 2 222 კვ. მეტრის, 2 224 კვ. მეტრის, 6 058 კვ. მეტრის, 7 674 კვადრატული მეტრისა და 2 222 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს (მრავალწლიანი ნარგავი-ვენახი); ასევე 59 კვ. მეტრის ბინას თბილისში და 1 000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს დუშეთში, სოფელ ჩანადირებში.

მის საკუთრებაშია ასევე: ბელორუსის ტიპის ტრაქტორი, რომელიც 2017 წელს აქვს 13 567 დოლარად შეძენილი და გასულ წელს შეძენილი მსუბუქი ავტომობილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 112 ლარი ჰქონდა. მანვე გასულ წელს სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან 20 000 ლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, მისმა შემოსავალმა პარლამენტის წევრობისას 57 927,5 ლარი შეადგინა.

პარლამენტის წევრს ჰყავს მეუღლე და შვილი. მისი მეუღლე ფლობს: 17 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში; მსუბუქ ავტომობილს - TOYOTA CAMRY-ს, რომელიც 2018 წელს 8 242 შეიძინა, ავტომობილის განბაჟება კი მიმდინარე წელს მოხდა. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 1 265.67 ლარი ჰქონდა. დეკლარაციის თანახმად, დეპუტატის მეუღლე შემოსავლების სამსახურში მუშაობს, სადაც მისმა გასული წლის შემოსავალმა - 16 687,5 ლარი შეადგინა.

თაია არდოტელი