ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ არ აშენდება.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ინვესტორთან შეხვედრა გუშინ ჰქონდა და მხარეებს შორის შეთანხმდება შედგა.
„მოკლედ გეტყვით, რომ „ვაკის პარკმა“ გაიმარჯვა. გუშინ მქონდა ინვესტორთან შეხვედრა და ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა, რომ ამ ადგილზე არაფერი არ აშენდება,“-განაცხადა კალაძემ.
მანვე მადლობა გადაუხადა ინვესტორს, რომ გადადგა შემხვედრი ნაბიჯები და შეთანხმება მიღწეული იქნა.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება. მაშინ სასამართლომ "მწვანე ალტერნატივას" სააპელაციო საჩივარი, რომელიც სასტუმრო „ბუდაპეშტის" აშენების წინააღმდეგ იყო მიმართული, არ დააკმაყოფილა, სამაგიეროდ, დააკმაყოფილა შპს "ტიფლის კოსტავას" და "გრაალის", ანუ იმ კომპანიების აპელაცია, რომლებმაც რეკრეაციულ ზონაში შვიდსართულიანი სასტუმრო უნდა ააშენონ.