შემოსავლების სამსახურმა ექვსი თვის გეგმა წარმატებით შეასრულა

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების კუთხით შემოსავლების მობილიზების პროცესი შეუფერხებლად და წარმატებით მიმდინარეობს.

ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი გვარამაძემ განაცხადა.

ირაკლი გვარამაძის განმარტებით, შემოსავლების სამსახურმა გადაჭარბებით შეასრულა მიმდინარე წლის 6 თვის გეგმა. საანგარიშო პერიოდში გადასახადების სახით ბიუჯეტში მობილიზებულია დაგეგმილზე 250 მილიონი ლარით მეტი, რაც სამსახურის მიერ არჩეული სტრატეგიის სისწორესა და მართებულობას ადასტურებს.

სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ამ თანხების მობილიზებამ ხელი შეუწყო ცალკეული მნიშვნელოვანი პროექტის შეუფერხებლად განხორციელებას. კერძოდ, წარმატებით სრულდება პროექტი დაუბეგრავი მინიმუმის შესახებ, რომლის ფარგლებში კანონით განსაზღვრული 3 თვის განმავლობაში 400 ათასზე მეტ მოქალაქეს, საერთო ანგარიშით, 125 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნდა.

ირაკლი გვარამაძის განცხადებით, პროექტი გრძელდება და ის მოქალაქეები, რომლებით კანონით დადგენილი წესით ჩააბარებენ დეკლარაციებს, დაუყოვნებლივ მიიღებენ კუთვნილ თანხას.

ირაკლი გვარამაძის განცხადებით, შემოსავლების სამსახური ახალ ეტაპზე გადადის ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების კუთხითაც. ეს ნიშნავს, რომ გადამხდელებს, რომლებსაც ასევე კანონით განსაზღვრულ 90 დღეში ეკუთვნით თანხის დაბრუნება, ეს თანხა დაუბრუნდებათ გაცილებით ადრე. დღეისთვის გადამხდელებს უკვე 40 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნდათ.

"ჩვენი პრიორიტეტია, გადამხდელს კუთვნილი თანხა დაუბრუნდეს ვადაზე ადრე, რათა ხელი შევუწყოთ მისი ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას. ეს არის თანამშრომლობა, რომლის შედეგადაც განვითარდება ბიზნესი და ბიზნესმენს შესაძლებლობა ექნება შეუფერხებლად შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულებები. ვფიქრობთ, ეს პოზიტიური მიდგომაა და ვცდილობთ, დაბრუნების ვადა კიდევ უფრო შევამციროთ", - განაცხადა ირაკლი გვარამაძემ.