ტექდათვალიერების ცენტრებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი რიგებია. მანქანებს, რომლებსაც ტექდათვალიერების გავლა იანვარში ეკუთვნით, საათობით უწევთ ლოდინი.
გარდა ცენტრების სიმცირისა, მიზეზი მძღოლების დაგვიანებული მიმართვაცაა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ორი კვირის ვადაში ქვეყანას კიდევ 20 ახალი ცენტრი შეემატება.
იანვრის პირველი რიცხვებიდან მოყოლებული, ავტომფლობელებს საათობით უწევთ რიგში დგომა ინსპექტირების ცენტრებთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ინსპექტირების გავლას მათი ნაწილი ვერ ახერხებს. პრობლემა ძირითადად რეგიონებშია, სადაც 1 ცენტრზე მეტი არ მუშაობს. იანვარში რეგისტრირებულ ავტომობილებს კი, რომელთაც ისნპექტირება ამ თვეში არ ექნებათ გავლილი, დააჯარიმებენ. პრობლემა ხშირ შემთხვევაში ისიცაა, რომ მძოლები სამსახურის გამო ვერ ახერხებენ რამდენჯერმე მისვლას, რადგან ცენტრები შაბათ-კვირას არ მუშაობენ და საღამოს 7 საათის შემდეგ იხურებიან.
რიგი გასულ დღეებთან შედარებით ნაკლებადაა „ქვიქტესტის" ინსპექტირების ცენტრებთან. ამ ეტაპისთვის მძღოლების აქტივობამ შედარებით იკლო, თუმცა იყო პერიოდი, როცა მათ აკრედიტაციის ცენტრებთანაც იდგა ცოცხალი დიდი რიგი.
კომპანია „ჯეო ტესტში" ადასტურებენ, რომ რიგი კვლავინდებურად არის და არ შემცირებულა, მიზეზად კი მომხმარებლის დიდ რაოდენობას ასახელებენ.
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ხარებავა „რეზონანსთან" ამბობს, რომ გრძელი რიგები ნამდვილად არის, თუმცა მიზეზი მძღოლთა დაგვიანებული მიმართვაა. ვითარების ნორმალიზებისთვის 2 კვირაში ქვეყანას 20 ახალი ცენტრი შეემატება, რაც მძღოლებს საშუალებას მისცემს, შედარებით თავისუფლად და მცირე დროში გაიარონ ტექნიკური ინსპექტირება.
„მოხდა ისე, რომ მძღოლები, რომლებიც უნდა მისულიყვნენ იანვრის დასაწყისში ინსპექტირების გასავლელად, არ მივიდნენ ცენტრებში, რადგან ჯერ ჭკვიანი კამერები არ იყო ჩართული. მერე კი ერთბაშად მიაწყდნენ და ინსპექტირების ცენტრებთან გაჩნდა ძალიან დიდი ცოცხალი რიგი. დღეს ეს პროცესი შედარებით განმუხტულია.
დღეს მართლაც არის კითხვა - საკმარისია თუ არა აკრედიტაციის ცენტრების ოდენობა ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ გარწმუნებთ, სულ რაღაც ორ კვირაში ეს თემაც ამოიწურება. თბილისში დამატებით 30 ხაზი გაიხსნება, რეგიონებში კი – 20-მდე ცენტრი. ეს პროცესი გაგრძელდება. დღეს თუ გვაქვს 40 ცენტრი, ორ კვირაში გვექნება 60. მცირედი რიგი შეიძლება დარჩეს რომელიმე ეტაპზე, თუმცა რაც დღეს არის, ასე აღარ იქნება ცენტრების დამატების შემდეგ", - განაცხადა „რეზონანსთან" მალხაზ ხარებავამ.
ის დამატებითი ხაზები, რომლებიც, აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ორ კვირაში გაიხსნება, საქართველოს ტრასპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელ დავით მესხიშვილის თქმით, 1-ლი იანვრიდანვე უნდა ამოქმედებულიყო. საავტომობილო სფეროს სპეციალისტი ამბობს, რომ ტექდათვალიერების პროცესის მომზადების უზრუნველყოფა ეკონომიკის სამინისტრომ ვერ შეძლო.
„მოსამზადებელ ეტაპზე ეკნომიკის სამინისტრომ ამ პრობლემის მოგვარება სცადა შემდეგნაირად - გამოაცხადა ტენდერი და გაიმარჯვა კომპანიამ, რომელსაც არა მარტო თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა აეშენებინა ცენტრები. ეს იყო მთავარი ამოცანა, რაც უნდა შეესრულებინა ეკონომიკის სამინისტროს. სინამდვილეში ასე არ მოხდა.
ტენდერს გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ უზრუნველყო 1-ელ იანვარს ყველა ცენტრისა და ხაზის ამოქმედება და ვერც ავტომობილების გაზრდილ ნაკადს ემსახურება სათანადოდ. არც ის ვიცით, დაჯარიმდა თუ არა ამისთვის, თუმცა რომც დაჯარიმებულიყო, ამით მძღოლებისთვის არაფერი შეიცვლებოდა. ყველამ იცის, რომ ზოგიერთ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს უწევთ ჩასვლა სხვა რაიონში, რადგან მათთან არ არსებობს ტექდათვალიერების ცენტრი.
უფრო დიდი პრობლემა აქვთ იმ ავტომფლობელებს, როლმლებსაც გაზზე ჰყავთ გადაყვანილი მანქანა და მათაც ახლა უწევთ ინსპექტირება. ქვეყნის მასშტაბით, რამდენადაც ვიცი, სულ 3 ცენტრია. ჯერ თუ გაზზე არ გაივლიან ინსპექტირებას, ისე საბოლოო ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან. გამოდის, ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ქუთაისში, ბათუმში ან ხობში, უნდა ჩამოვიდეს თბილისში ტექდათვალიერებისათვის.
ეკონომიკის სამინისტრომ, მცდელობის მიუხედავად, პროცესი სათანადოდ ვერ მოამზადა. პრობლემა იმდენად მწვავე არაა თბილისში, რამდენადაც რეგიონებში.
ცენტრებში მოზღვავება ნამდვილად გამოიწვია ჭკვიანი კამერების ჩართვამ და მათი ნომრის ამომცნობი პროგრამებით დატვირთვამ, რაც, ჩემი აზრით, შსს-ს მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმაც ესეც არ ცვლის პრობლემის არსს. მძღოლები დღემდე იტანჯებიან უსასრულო რიგებში", - აცხადებს „რეზონანსთან" დავით მესხიშვილი.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი „რეზონანსი"