ვერცერთ ბიუჯეტში რატომ ვერ ხერხდება ბაღის პედაგოგების ხელფასების გაზრდის გათვალისწინება? - აღნიშნული კითხვით მიმართა უმრავლესობის წევრებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის გაზრდის საკითხს განიხილავენ.
"72 მილიონი ლარით რომ იზრდება ბიუჯეტი, რატომ ვერ ხერხდება ვერცერთ ბიუჯეტში იმის გათვალისწინება, რომ ბაღის პედაგოგების ანაზღაურება გაიზარდოს? არ ეკუთვნით? თქვენ ხვდებით, რომ საპენსიო ფონდი შემოიღეთ და ამ ადამიანებს წელს ანაზღაურება მოაკლდათ? მათთვის ეს სერიოზული პრობლემაა. მაღალი თანამდებობის პირებისთვის, რომლებსაც 4000-5000 ლარი აქვს ანაზღაურება, ახალ წელს შეიძლება 8000 ლარიც აიღო, ეს არაფერია, ხოლო პედაგოგი, რომელიც 200-300 ლარზე მუშაობს, ეს 2% მისთვის გზის ფულია ან პურის ფული. ვისთვის იზრდება ეს ბიუჯეტი? კარგია, რომ გიხარიათ ბიუჯეტის ზრდა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია. რა არის ამაში საოცარი? თქვენ წინა ხელისუფლების დროს უნდა გენახათ ბიუჯეტი როგორ იზრდებოდა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.