სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სსიპ - „112“-ის მიერ 2017 წელს საკუთარი შემოსავლების ფორმირებისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „112“-ის შემოსულობების ერთ-ერთ ძირითად წყაროს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით უზრუნველყოფის, აგრეთვე სპეციალური დაცული (საჯარიმო) სადგომების მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები წარმოდგენს, რაც 2017 წელს შემოსულობების 14%-ს შეადგენდა.
ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს სსიპ - „112“-ის შემოსულობებმა სულ 13,023,779.27 ლარი შეადგინა, აქედან ევაკუატორით მომსახურების სერვისიდან მიღებული შემოსავალი 1,794,527 ლარი იყო.
„სსიპ - „112“-ის საჯარიმო ავტოსადგომზე 2018 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით, სულ 832 ავტომობილი ირიცხებოდა, რომელთა საჯარიმო გადასახდელი თანხა 1,118,045 ლარს შეადგენდა. ხოლო აქედან, 428 ავტომანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე 2014-2016 წლებიდან ირიცხება. ავტოსადგომზე არსებული მანქანების რაოდენობა მზარდია და არსებულ პირობებში ვერ ხდება მანქანების ეფექტური გადინება ავტოსადგომებიდან (მესაკუთრეები არ იხდიან საფასურს, ხოლო სსიპ-ისთვის ავტომანქანების რეალიზაციის უფლების მინიჭების სასამართლო პროცესები დიდ დროს მოითხოვს), შესაბამისად, „112“ კარგავს და დროულად ვერ იღებს შემოსავლებს.
ავტომანქანების არაეფექტური გადინების პრობლემის გამო, „112“-მა დამატებით იჯარით აიღო ავტოსადგომი, რომელშიც 2016- 2018 წლებში 290,635.57 ლარი გახარჯა. საჯარიმო სადგომზე განთავსებული მზარდი რაოდენობის ავტომანქანების პირობებში, მას კვლავ დაუდგება გარკვეული ფართობის იჯარით აღების საჭიროება, შესაბამისად, გაეზრდება ხარჯი, რომელიც საბოლოოდ სადგომის მომსახურებიდან მისაღებ შემოსავლებს გადააჭარბებს. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მნიშვნელოვანია ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება იმ მიზნით, რომ შემცირდეს სადგომზე არსებული ავტომანქანების რაოდენობა და გაიზარდოს „112“- ის შემოსავლები,“-აღნიშნულია ანგარიშში.
აუდიტის სამსახურის ანგარიში რეკომენდაციებსაც მოიცავს, რომლის თანახმადაც, იმისთვის, რომ „სსიპ - „112“-ის მიერ ევაკუატორებით მომსახურების სერვისი იყოს რენტაბელური და დამატებითი ავტოსადგომების მოწყობისა და იჯარის თანხები დაიზოგოს, მნიშნელოვანია, „112“-მა სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს ეფექტიანი მექანიზმები, რომლებიც ავტოსადგომებზე წლების მანძილზე მდგომი ავტომანქანების გადინებასა (აქტიური კომუნიკაცია მესაკუთრეებთან, მომსახურების საფასურის მინიმიზაცია, სასამართლო პროცესების დაწყება და სხვა) და ავტოსადგომების ხარჯ-ეფექტურობას უზრუნველყოფს“.
ცნობისთვის, „112“ წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის ძირითად ფუნქციას საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ შეტყობინების მიღება, დამუშავება და შესაბამისი რეაგირების მიზნით პასუხისმგებელი სუბიექტებისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება წარმოადგენს.