ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ პერსონალის შერჩევა, სამუშაოზე აყვანა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრა ხორციელდება საწესდებო მოთხოვნის შეუსაბამოდ, უფლებამოსილების გადამეტებით და არ არის გათვალისწინებული მოცემულ პროცესში გენერალური მდივნის და პრეზიდიუმის საწესდებო როლი, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობას მოიცავს.
„ფედერაციის მიერ გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები არ არის შედგენილი შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, მათში არ არის გათვალისწინებული ისეთი არსებითი პირობა, როგორიცაა, შესასრულებელი სამუშაო და სამუშაო აღწერილობები პოზიციების მიხედვით. ეს უკანასკნელი ფედერაციის სხვა ოფიციალური დოკუმენტებითაც არაა განსაზღვრული. შესაბამისად, გაურკვეველია, რა სამუშაოს ასრულებს კონკრეტული დასაქმებული პირი, რაც, თავის მხრივ, წარმოშობს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური და არაპროდუქტიული განკარგვის რისკებს;
გარკვეულ შემთხვევებში დასაქმებულ პირებთან დადებული შრომითი, ხოლო მონიტორინგის მენეჯერთან და ბუღალტერთან გაფორმებული მსაჯობის მომსახურების მიწოდების ხელშეკრულებები ატარებს ფიქტიური გარიგების ნიშნებს, რაც, თავის მხრივ, ზრდის თაღლითობის რისკებს;
სახელფასო პოლიტიკა ხასიათდება ცალკეული პოზიციის მიხედვით თანამდებობრივ სარგოებს შორის არსებითად შეუსაბამო, არასამართლიანი დიფერენციაციით, ის არ არის დამოკიდებული შესასრულებელი სამუშაოს სახეზე, ინტენსივობასა და დასაქმებულის კვალიფიკაციაზე“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.