250-ჯერ იაფად გაყიდული მიწები

დავით დარჩია, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე: "ფასისთვის არც მიმიქცევია ყურადღება"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან კახა ჩავლეშვილი დაგვიკავშირდა და საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა. საქმე ეხება ოზურგეთის გამგეობისა და საკრებულოს მიერ 50 თეთრად გაყიდულ ზღვისპირა მიწებსა და ტროტუარებს ურეკში. მისი თქმით, ამ კანონდარღვევების მტკიცებულებები აქვს, უფრო მეტიც, ამაზე მეტყველებს აუდიტის დასკვნაც, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016-17 წლების საქმიანობის შესწავლის შედეგად დაიწერა.

"ამ წლებში გაყიდული მიწებიდან მუნიციპალიტეტს ნაცვლად 357.600 ლარისა, უნდა მიეღო 10.722.200 ლარის შემოსავალი. ქონების მართვაში მუნიციპალიტეტის დარღვევები იმდენად ყოვლისმომცველია, რომ არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწები გაიყიდა არა თვითმმართველობის, არამედ კონკრეტული პირების პირადი ინტერესების გათვალისწინებით", - ნათქვამია დასკვნაში და აუდიტის სამსახური მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს დაიწყონ გამოძიება.

კახა ჩავლეშვილი: - ეს ამბავი სამი ეპიზოდისგან შედგება. პროფესიით ადვოკატი ვარ და საადვოკატო პრაქტიკა მაქვს. არცთუ დიდი ხნის წინ სოფელ შრომის სკოლის (რომელიც ზღვიდან 300 მეტრშია) პედაგოგებმა მაცნობეს, რომ 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 2004 წელს სოფელ შრომის საკრებულოს გადაწყვეტილებით გადაეცათ სარგებლობაში და იქ მეურნეობას ეწეოდნენ. სწორედ ეს ნაკვეთები კერძო აუდიტორმა დავით რობაქიძემ კვმ 50 თეთრად შეაფასა.

- ასე იაფად?

- უკვე გამოძიებული და დადგენილია (უშიშროების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ), რომ რობაქიძე ადგილზე არც ყოფილა, ისე დაადო ფასი. ჩვენ შევაფასებინეთ იგივე ნაკვეთი კერძო სპეციალისტს, რომელმაც გამოიკვლია ბაზ­არი და დაადგინა, რომ ამ ნაკვეთის 1 კვმ-ის ღირებულება 129 ლარს შეადგენს. პარადოქსია, ამ ნაკვეთიდან გაცილებით მოშორებით, გზის გადაღმა, გლეხებისგან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს კვადრატულ მეტრს 30-40 ლარად ყიდულობს სახელმწიფო, თვითონ კი გაცილებით უკეთეს ადგილზე 50 თეთრად გაყიდა. იცით, რა მიკვირს? როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე ხარ, გამგებელი ან უბრალოდ აქაური მოსახლე, დავიჯერო, არ იცი, რომ ზღვის პირას მიწა 50 თეთრი არ ღირს?!

- როგორც ბრძანეთ, ეს ყველაფერი 2017 წელს მოხდა. ვინ იყო იმ დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი?

- მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ­ ჭანუყვაძე იყო, ხოლო საკრებულოს ხელმძღვანელი დავით დარჩია. ნაკვეთი ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის წინადღეს გასხვისდა, იმ დროს ჭანუყვაძეს უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა, ვინაიდან საარჩევნო შტაბის უფროსი იყო. ამიტომ გაიძახის, ამ ოპერაციაში არ ვმონაწილეობდიო. საბუთზე ხელი მოაწერა და პროცედურები შეასრულა ჭანუყვაძის მოადგილე ყაზაიშვილმა, რომელიც მაშინ გამგებლის მოვალეობას ასრულებდა.

- ის მიწის ნაკვეთი საპრივატიზებო ნუსხაში როგორ შეიტანეს?

- სოფელს ჰყავს დეპუტატი, რწმუნებული და, ბუნებრივია, საკრებულო, მუნიციპალური ორგანოები ვალდებული არიან ითანამშრომლონ, მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ. მით უმეტეს, როცა ლაპარაკია სახელმწიფო ქონებაზე, რომლის გასხვისებისას მოსახლეთა ინფორმირებაა საჭირო. კანონით საჭირო იყო საქმის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, რაც არ მომხდარა. ერთი სიტყვით, უამრავი დარღვევაა. ბოლოს ის მიწის ნაკვეთი გაიტანეს აუქციონზე, გაუმჭვირვალე, უკონკურენტო გარემოში, და შედეგად 129-ლარიანი მიწა პირველივე ბიჯზე 50 თეთრად გაყიდეს.

- ვინ შეიძინა?

- ლაშა მგელაძემ. სოფლის მცხოვრებთა განმარტებით, ის მერაბ ჭანუყვაძის მეზობელი და მეგობარია. მიწის გასხვისების ამბავი მოსახლეობამ მალევე შეიტყო და უმალვე მომმართეს. როგორც გაირკვა, მგელაძემ შესყიდულ ნაკვეთს 1500 კვმ მიწა ჩამოაჭრა, ახალი საკადასტრო კოდით გამოყო და 52.500 დოლარად ყიდდა.ეს ინფორმაცია ყიდვა-გაყიდვის სააგენ­ტ­ოებმა გაავრცელეს, აქებდნენ, კარგ ადგი­ლას არის, კომუნიკაციები შედის და სასწრაფოდ იყიდებაო. ჩვენ მოვახერხეთ და დავაყადაღეთ ნაკვეთი. ამის შემდეგ დაიწყო­ სასამართლო დავა, რომელიც 2 თვის წინ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოვიგეთ. ჯერ გადაწყვეტილება არ ჩაუბარებიათ, როგორც დაგვპირდნენ, რამდენიმე დღეში მოგვცემენ. ვნახოთ, რა მოხდება.

- მეორე ეპიზოდში რა ხდება?

- მეორე ეპიზოდი ურეკის ტროტუარების გაყიდვას ეხება. აქაც დაახლოებით იგივე პირები არიან მთავარი აქტორები. იგივეა სტრუქტურა, სისტემა, აუქციონიც იმავე წესით ჩატარდა. მუნიციპალიტეტმა 40-60 კვადრატულ მეტრებად დააქუცმაცა ტროტუარები და ზოგიერთი ასეთი მონაკვეთი აუქციონზე გაიტანა. წარმოიდგინეთ, გამგეობამ და საკრებულომ ურეკი ტროტუარების გარეშე დატოვეს და დამსვენებლები და მანქანები მხოლოდ სამანქანო გზაზე ერთად მოძრაობენ. ასეთ რამეს მსოფლიოს ვერც ერთ კურორტზე ვერ ნახავთ. საინტერესოა, რომ საკრებულოს ჰყავს აგრარულ საკითხთა კომისია, რომელიც გასაყიდად გატანილი მიწის ნაკვეთების შესახებ დასკვნებს წერს. ერთ-ერთით კომისიამ საპრივატიზებო ნუსხიდან 5 ნაკვეთის (უფრო სწორად, ტროტუარ-ნაკვეთის) ამოღება მოითხოვა. ეს კი საკრებულოს წევრებმა არ იცოდნენ. არც ბიუროზე განხილულა ეს საკითხი, ისე შეიტანა და დაამტკიცა საკრებულომ საპრივატიზებო ნუსხებში ის ნაკვეთები.

იხილეთ სრულად გაზეთ კვირის პალიტრის 28 იანვრის ნომერში

ან გახდით ხელმომწერი და წაიკითხეთ სრულად