„მაღალი თანამდებობის ზოგიერთ პირს ვერ გაურჩევია, რომ დონორის მიერ მიცემული ფული ხალხისთვის მიცემული ფულია"

ძალიან მიკვირს, რომ მაღალი თანამდებობის ზოგიერთ პირს ვერ გაურჩევია, რომ დონორის მიერ მიცემული ფული, ხალხისთვის მიცემული ფულია. ყველა თეთრი ხალხისთვის უნდა იხარჯებოდეს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

ანა დოლიძე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ „იმედის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად დოლიძის თქმით, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სასამართლოს რეფორმირების საკითხზე თანხები დონორი ორგანიზაციების მხრიდან იხარჯება და არა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან. როგორც ანა დოლიძე აცხადებს, მანამდე მან გუშინ გააკეთა განცხადება, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც სასამართლოს რეფორმირების საკითხზე იმართებოდა, სასტუმრო „რედისონში" თანხა ბიუჯეტიდან ტყუილად იხარჯება.

„ყველა თანხა, რომელიც დონორის მიერ არის მოცემული სახელმწიფო ორგანოებისთვის, არის ხალხის ფული.

ბევრად მირჩევნია, რომ ლევან მურუსიძესთან დაუსრულებელ და უაზრო შეხვედრების ნაცვლად, სადღაც გარემონტდეს სკოლა და დაიგოს გზა. დაფინანსების პრიორიტეტები ჩვენი სახელმწიფოს მოლაპარაკების საგანია და როდესაც ვხედავთ, რომ ეს დაფინანსება ტყუილად იხარჯება, ბუნებრივია, ეს არის ხალხისთვის განკუთვნილი ფულის გაფლანგვა. ანუ, ევროსაბჭოს ფული მურუსიძესთან და პარლამენტთან შეხვედრაში დახარჯული, არავის ეგონოს, რომ ლევან მურუსიძის და ირაკლი კობახიძის ფულია. ეს არის ქართველი ხალხის ფული.ზუსტად ისე არ უნდა გაიფლანგოს, როგორც ბიუჯეტის ნებისმიერი სხვა ერთეული“, - განაცხადა დოლიძემ.