დედაქალაქში აშენებული საცხოვრებელი სახლების თითქმის ნახევარი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის.
თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შარშან მერიაში საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღებაზე 1 374 განაცხადი შევიდა, საიდანაც ზედამხედველობის სამსახურმა 47%, ანუ 652 ობიექტი დაიწუნა. ექსპლუატაციაში 722 ობიექტი მიიღეს.
რაც შეეხება 2017 წელს, მაშინ ექსპლუატაციაში მიღებაზე მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში 1 689 განაცხადი შევიდა, საიდანაც დადებითი დასკვნა მხოლოდ 875 ობიექტის შემთხვევაში გაიცა, 813 კი სამსახურმა არ ჩაიბარა.
როგორც ცნობილია, ფიზიკური და იურიდიული პირები, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, თბილისის მერიაში წარადგენენ განცხადებებს, რომლებსაც ზედამხედველობის სამსახური განიხილავს და ობიექტს იღებს ექსპლუატაციაში, ან ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, უარს ამბობს მიღებაზე. უარის თქმის მიზეზები სხვადასხვაა და მოიცავს კოლონების ადგილმდებარეობის და კედლების ფორმების ცვლილებებს, კიბეების სიგანეში შემცირებას, ასევე პროექტთან სხვა შეუსაბამობებს. ექსპლუატაციაში მიღება ხდება იმის საფუძველზე, რომ მშენებელმა უნდა წარმოადგინის ნებართვა, რომელიც ჰქონდა აღებული, თუ არის თანხვედრაში იმ ნებართვასთან, რომელიც იყო არქიტექტურის სამსახურიდან გაცემული.
რაც შეეხება გაზის, წყლის და დენის დამონტაჟებას, ეს მერიის მოვალეობაში არ შედის და პროცესზე პასუხისმგებლობა იმ კომპანიას ეკისრება, ვინც შენობას აშენებს.