„მიმდინარე წელს 7 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გაუმჯობესებულ ხელფასს მიიღებს"

„მიმდინარე წელს 7 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გაუმჯობესებულ ხელფასს მიიღებს,“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განცხადებით, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩართული ყველა დანაყოფის სამხედრო მოსამსახურე განახლებულ სახელფასო უზრუნველყოფას მიიღებს.

„სახელფასო უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ. ჩვენ ეს პოლიტიკა 2016 წლიდან დავიწყეთ, თუმცა ინტენსიური ხასიათი 2018 წელს მიიღო. 2019-2020 წლებში გაფართოვდება იმ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა, ვინც გაუმჯობესებულ ხელფასებს მიიღებს. მარტო წელს მათი რაოდენობა ჯამში 7000-ზე მეტი იქნება. ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩართული ყველა დანაყოფის სამხედრო მოსამსახურე მიიღებს განახლებულ სახელფასო უზრუნველყოფას, რომელიც 100 ლარიდან 500 ლარის ფარგლებში მერყეობს, წოდებებიდან გამომდინარე. ამ დანაყოფებთან ერთად, სხვა დანაყოფებიც მიიღებენ ახალ სახელფასო უზრუნველყოფას. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ სრულად მოვიცვათ თავდაცვითი ძალები და ყველა სამხედრო მოსამსახურეს გაუმჯობესებული სახელფასო უზრუნველყოფა ჰქონდეს,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.