ვინ მოიპოვა მუნიციპალურ ტრანსპორტზე 20 წლით რეკლამის განთავსების უფლება?
მიწისქვეშა და მიწისზედა ტრანსპორტზე, მათ შორის, ლიცენზირებულ თეთრ ტაქსებზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლების მოსაპოვებლად გამოცხადებული აუქციონი დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე რეკლამის 20 წლით ექსკლუზიურად განთავსების უფლების მოსაპოვებლად თავდაპირველად აუქციონი 2018 წლის 19 დეკემბერს გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობისთვის მერიამ კომპანიებს საკმაოდ მოკლე პერიოდი - 9 დღე განუსაზღვრა, საიდანაც ორი დღე უქმე იყო. ამ კონკრეტული გარემოების გარდა, კითხვებს ბადებდა თავდაპირველად განსაზღვრული საკმაოდ მაღალი ბე, რომელიც მერიამ 3 მილიონი ლარის ოდენობით განსაზღვრა და რომლის მობილიზება ასეთ მცირე პერიოდში, ბევრ კომპანიას გაუჭირდებოდა, რაც შესაბამისად მათთვის აუქციონში მონაწილეობისთვის დამატებითი ბარიერი იყო.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც „ბიზნესპრესნიუსმა“ აუქციონთან დაკავშირებით გაავრცელა ინფორმაცია და ზემოთ აღნიშნულ პირობებზე გაამახვილა ყურადღება, აუქციონის დასრულებამდე 1 დღით ადრე, მერიამ აუქციონის პირობები შეცვალა. მათ შორის, გაახანგრძლივა აუქციონის ვადაც და ბე-ც 3 მილიონიდან 1 მილიონამდე შეამცირა. სწორედ ამის შედეგია, რომ თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტსა და ტაქსებზე რეკლამის 20 წლით განთავსების უფლებისთვის გამოცხადებული აუქციონი კონკურენტულ პირობებში ჩატარდა და საპრივატიზებო თანხაც 11.8 მლნ-დან 14.6 მლნ ლარამდე გაიზარდა, რამაც დამატებით დაახლოებით 3 მილიონი ლარი მოუტანა თბილისელებს.
საინტერესოა, რომ აუქციონში მონაწილე სამი სუბიექტიდან ერთ-ერთი სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც თავისი შეთავაზება 27 დეკემბერს, აუქციონის პირველადი ვადის დასრულების წინა დღეს წარადგინა. მაშინ ის ერთადერთი იყო, ვინც ამ აუქციონის მიმართ ინტერესი გამოხატა. აუქციონის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ მუციპალურ ტრანსპორტზე 20 წლით რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება, ახლაც სწორედ ამ კომპანიამ მოიპოვა, თუმცა კონკურენციის პირობებში. აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას თბილისის მერია სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაასახელებს.
გამარჯვებულ კომპანიას, მერიისთვის გადასახდელი თანხის გარდა, აქვს ვალდებულება, ლიცენზიის მქონე ტაქსების (მათი საერთო რაოდენობა სულ 15 ათასამდეა) მფლობელები, რომლებიც საქმიანობის გაგრძელების სურვილს გამოთქვამენ, ავტომობილების თეთრად გადასაღებად და ქიმწმენდისთვის, 975 ლარიანი ვაუჩერით უზრუნველყოს.