სემეკმა მომხმარებლებს 187 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკ-მა 24-25 იანვრის საჯარო სხდომებზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 145 საკითხი განიხილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, მათი უმრავლესობა შეეხებოდა სს „თელასს“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“, სს „სოკარ ჯორჯია გაზს“, სს „საქორგგაზს“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და „შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის არსებულ დავებს.

„მოქალაქეთა საჩივრები მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, მრიცხველის საფასურს, დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე.

კომისიის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში, 187 582.96 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია სემეკ-ის ინფორმაციაში.

საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა.

„კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.

მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე - 16 216, ისე სემეკის Facebook გვერდზეც“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.