ცვლილება ანაკლიის პორტის მშენებარე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში

ანაკლიის პორტის ინვესტორი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებაა. საუბარია, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მისი 99.99%-იანი წილის მფლობელ სს „ანაკლია ჰოლდინგზე“.

კერძოდ, რეესტრის 25 იანვრის ამონაწერის თანახმად, აღნიშნული ორგანიზაციების სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში აღარ არის აშშ-ს მოქალაქე კურტ ჯერალდ კონტი, რომელიც საბჭოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილე იყო.

ამასთან, 2018 წლის ივლისის შემდეგ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში აღარ არის დიმიტრი აბდუშელიშვილი. თუმცა, საბჭოს წევრებად ჩნდებიან ბობ მეიერი და ბადრი ჯაფარიძე, რომელიც საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტსაც იკავებს. საბჭოს თავმჯდომარე კი კვლავ მამუკა ხაზარაძეა.

რაც შეეხება, სს „ანაკლია ჰოლდინგს“ კონტი აღარც მისი სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ფიგურირებს. გარდა ამისა, 2018 წლის ივლისისგან განსხვავებით, 2019 წლის 25 იანვრის ამონაწერის მიხედვით, საბჭოს შემადგენლობაში ჩნდებიან ბადრი ჯაფარიძე და ბობ მეიერი. საბჭოს წევრად რჩება ასევე დიმიტრი აბდუშელიშვილი, ხოლო თავმჯდომარის პოსტს მამუკა ხაზარაძე ინარჩუნებს.

ცნობისთვის, ანაკლიის პორტის მშენებარე შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 99.99%-იანი წილის მფლობელი - სს „ანაკლია ჰოლდინგია“, ხოლო 0.01%-იანი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის.