3 კვირაში გამოჩნდება, რა რაოდენობის გმო პროდუქტია ბაზარზე

პირველი აგვისტოდან მომხმარებელს შეეძლება გააკეთოს არჩევანი და საკვები ბრმად არ შეიძინოს

გენმოდიფიცირებული პროდუქციის ქართულ ენაზე მარკირება 1-ლი აგვისტოდან სავალდებულო გახდება. ახალი რეგულაცია გენმოდიფიცირებულ პროდუქტს თავის ადგილს მიუჩენს და მომხმარებელს სავაჭრო ობიექტებში ადვილად ვერ მოატყუებენ.

ჩვენთვის უცნობია, რა წილი უჭირავს საქართველოში გენმოდიფიცირებულ ნაწარმს. იქიდან გამომდინარე, რომ ბიოწარმოება საქართველოში ეს-ეს არის, ფეხს იდგამს და ასეთი პროდუქციით არც იმპორტი გვანებივრებს, სავარაუდოდ, გენმოდიფიცირებული საკვების მოცულობა ძალიან დიდია.

სპეციალისტები ამ ეტაპზე ყველაზე დიდ პრობლემად ბიოპროდუქტების დეფიციტს მიიჩნევენ. ბიოწარმოების სერტიფიკატი ქვეყანაში ჯერჯერობით მხოლოდ 45 მეწარმეს აქვს, ხოლო 15 - სერტიფიკატის მიღების მოლოდინშია.

მართალია, ”ბიო” ნიშნით ქართული პროდუქტი ქართულ ბაზარზე ამ რამდენიმე ხნის წინაც გამოჩნდა და ბიოპროდუქტების სპეციალური მაღაზიაც გაიხსნა, მაგრამ რეალური მდგომარეობა უმნიშვნელოდაც არ შეცვლილა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტომ ფინანსთა სამინისტროს დახმარებით, ბიზნესმენთა ინფორმირების მიზნით გარკვეული ღონისძიებები გასწია და ერთგვარი საინფორმაციო კამპანიაც აწარმოა. მოთხოვნის ძალაში შესვლამდე სააგენტო დამატებით ინსტრუქციებს კიდევ გაავრცელებს.

კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერ პროდუქციაზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, შეიცავს თუ არა პროდუქცია გენმოდიფიცირებულ დანამატებს. სააგენტოში განმარტავენ, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში, მეწარმეს 500-ლარიანი ჯარიმა ეკისრება, კანონი ასევე ითვალისწინებს პროდუქციის სავაჭრო ქსელიდან ამოღებას.

დღეს საქართველოში იმის შეფასებას, არის თუ არა პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა, ბიოპროდუქციის სერტიფიცირების ორგანო ”კავკასსერტი” ახორციელებს. კომპანიის თავმჯდომარის, ზურაბ ნადარეიშვილის ინფორმაციით, ”კავკასსერტში” ამ ეტაპზე 30 მეწარმეა რეგისტრირებული, აქედან 15 სერტიფიკატის მიღებას ელოდება.

ამ დოკუმენტის მიღება 45-მა მეწარმემ უკვე შეძლო, რაც ქართული ბაზრისთვის კარგი შედეგი ნამდვილად არ არის. აქამდე ქართველ მეწარმეებს სერტიფიკატი ქართული ნაწარმის ექსპორტზე გატანის მიზნით სჭირდებოდათ.

ზურაბ ნადარეიშვილის შეფასებით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებისას მეწარმემ გარკვეული სტანდარტები უნდა დაიცვას როგორც პროდუქტის წარმოებისას, ასევე, გადამუშავებისას, შენახვისას, ტრანსპორტირებისა და გასაღებისას.

”გარდამავალი პერიოდი ერთწლიანი კულტურებისათვის არის 2 წელიწადი, ხოლო მრავალწლიანი კულტურებისათვის - 3 წელი. მეცხოველეობის შემთხვევაში, გარდამავალი პერიოდი თითოეული კატეგორიის პროდუქტებისათვის დადგენილია ინდივიდუალურად. ბიოწარმოებაში მემცენარეობისა და მეცხოველეობის დარგში დასაშვებია მხოლოდ სტანდარტით ნებადართული საშუალებების და მეთოდების გამოყენება”, - აცხადებს ნადარეიშვილი და დასძენს, რომ საქართველოში ახალი სტანდარტების დანერგვა მომხმარებელს გენმოდიფიცირებული პროდუქტისგან დაიცავს და მას სწორი არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.

”მომხმარებელი დაცული იქნება და ეს არის მთავარი პირობა, რასაც გენმოდიფიცირებული პროდუქციის სავალდებულო მარკირებისგან ველოდებით. ამასთან, დაცვა მოხდება იმ მეწარმეების, ვინც იცავს სტანდარტს და აწარმოებს ბიოპროდუქტს. ჩვენი პრობლემაა ის, რომ საქართველოში ბიოწარმოება განვითარებული არ არის, ამის შესაძლებლობა მას მხოლოდ ახლა მიეცემა.

პრობლემაა ისიც, რომ მოსახლეობას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. სავალდებულო მარკირების შემდეგ მოიმატებს ბიოპროდუქტების წილი და მომხმარებელიც უფრო მეტად ინფორმირებული გახდება”, - ამბობს ზურაბ ნადარეიშვილი.

”მწვანეთა მოძრაობის” წარმომადგენელი გიორგი მაღრაძე გენმოდიფიცირებული პროდუქტების სავალდებულო მარკირებას დიდი მნიშვნელობის წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. მისი განცხადებით, მთავრობის მხრიდან ახალი რეგულაცია გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით რეგულირების საქმეს ხელს შეუწყობს.

”არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქართულ ბაზარს და მის მომხმარებელს მავნე პროდუქციისგან დაიცავს. მოსახლეობას შეეძლება, შემადგენლობის მიხედვით გააკეთოს არჩევანი და საკვები ბრმად არ შეიძინოს. ასეთი რეგულაცია ევროკავშირში მოქმედებს. მომხმარებელი ინფორმირებულია, რას შეიცავს გმო პროდუქტი და რამდენად უღირს მისი ყიდვა, არჩევანის საშუალება აქვს. იმედია, სათანადო რესურსი ეყოფა სახელმწიფოს, გააკონტროლოს სიტუაცია და სურსათის სფეროზე მკაცრი ზედამხედველობა გასწიოს”, - აცხადებს გიორგი მაღრაძე.

მოსალოდნელი ცვლილებებით განსაკუთრებით მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები აღფრთოვანდნენ. სტრატეგიული განვითარებისა და კვლევის ცენტრის წარმომადგენელი ლია თოდუა ამბობს, რომ მომხმარებელი საქართველოში ყოველ ნაბიჯზე, ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში ტყუვდება. მისი თქმით, მარკირება არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც შესაძლებელს გახდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას და ქართულ ნაწარმს გზას გაუხსნის ევროპულ ბაზარზე.

”სურსათის სავალდებულო მარკირება საქართველოს პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეკოლოგიური წარმოება განვითარდება. ჩვენთვის მთავარია, რომ ევროპულ ბაზარზე შევიდეთ არა პროდუქტების რაოდენობით, არამედ ხარისხით. ახალი წესის ამოქმედების შემდეგ კარგისა და ცუდის გარჩევა შესაძლებელი გახდება”, - ამბობს თოდუა.

კომპანია ”ელკანას” წარმომადგენელი მარიამ ჯორჯაძე განმარტავს, რომ ქართულ ბაზარზე გენმოდიფიცირებული საკვების ზუსტი პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრა ამ ეტაპზეც ძალიან რთულია. მისი თქმით, მთავრობას მკაცრი კონტროლის გაწევა მოუწევს, რომ მდგომარეობა რეალურად გამოსწორდეს.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”