წლის ბოლომდე ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი ახალი გზა აშენდება

2019 წლის ბოლომდე ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი ახალი გზა აშენდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

კალაძემ საზოგადოებას გააცნო ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც მერია გეგმავს.

„ჩვენი მუშაობის ყოველდღიური რუტინა არის ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა იმისკენ, რასაც ჰქვია ევროპული, თანამედროვე, მოწესრიგებული, კომფორტული და უსაფრთხო ქალაქი. პრობლემები, რომელსაც ჩვენ ვებრძვით, გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ეს არის 30 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემები, რომელიც ძალიან მძიმეა და გვაწუხებს თითოეულ ჩვენგანს, ვინც ამ ქალაქში ვცხოვრობთ. ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტები ემსახურება ზუსტად იმას, რომ მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც დღეს ქალაქში არის აქტუალური.

დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ 2019 წელს განსახორციელებელ პროექტებს, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ დღეს ვისაუბრებ მხოლოდ იმ მსხვილ პროექტებზე, რომლებსაც განახორციელებს დედაქალაქის მერია. მე არ მექნება საუბარი იმ პროექტებზე, რომლებზეც გამგეობები და მერიის სხვადასხვა სამსახურები იმუშავებენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც დღეს გვაწუხებს.

თუმცა, ერთ მუშტად შეკრული მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის ყველაფერია შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი პროექტია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის ერთმანეთთან დაკავშირება. ეს არის ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი ახალი გზის მშენებლობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ლისის ტბის ტერიტორია ვითარდება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასასვლელ-ჩამოსასვლელი გზის გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. გვექნება სრულიად ახალი გზა, რომელიც 18 მილიონი ლარი დაჯდება და ამ პროექტის განხორციელებას უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ძალიან მალე გამოვაცხადებთ ტენდერს სამუშაოებზე და წლის ბოლომდე ეს პროექტი დასრულებული იქნება“, - განაცხადა კალაძემ.