რა ელით ”ხრუშოვკებსა” და იტალიურ ეზოებს

”პირველ რიგში ის კორპუსები დაინგრევა, რომლებიც ძალიან ავარიულია”

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, დავით ნარმანიას მერის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თბილისში ყველა შენობა აღირიცხება, შემდეგ კი ავარიული კორპუსები დაინგრევა. თუმცა, როგორც მაღრაძე განმარტავს, ეს იქნება მრავალწლიანი პროექტი და ძველი კორპუსის ახლით ჩანაცვლება ერთ და ორ წელში არ მოხდება.

”საბოლოოდ ყველა ”ხრუშოვკა” დაინგრევა, მაგრამ აქ არის ეტაპები. ხომ არ შეიძლება რომ ასე ერთად დაანგრიო, ამდენი ხალხი სადღაც ხომ უნდა წაიყვანო საცხოვრებლად”, -განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

გუგული მაღრაძემ ე.წ ”იტალიურ ეზოებზეც” ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იტალიური ეზოებიც არანაკლებ ავარიულია, ისინი ძირითადად ძველ უბნებში მდებარეობს, ამიტომაც დიდი შანსია, რომ აქ დაინტერესებული ინვესტორი შემოვიდეს. ”ხრუშოვკები კი ისეთ ადგილებშია, სადაც ჯერჯერობით ინვესტორი არ შევა, ამიტომ სახელმწიფომ ფინანსების ჩადების კუთხით პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს”,- დასძინა მაღრაძემ.