კონკურენციის სააგენტომ BOOKING.COM-ის მიერ კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა დაადგინა

კონკურენციის სააგენტომ სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის პლატფორმების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, Booking.com-ისა და სხვა ოპერატორების მიერ ქართული კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა დადგინდა. კერძოდ, მონიტორინგის შედეგად - სასტუმროებსა და სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ პლატფორმებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში, ფართო MFN პირობების (საუკეთესო ფასის გარანტია) გამოყენება საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის საწინააღმდეგო ქმედებად იქნა მიჩნეული.

„აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, სააგენტომ ევროპის სახელმწიფოების კონკურენციის ორგანოების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა გაიზიარა, რაც სასტუმროებთან დადებულ ხელშეკრულებებში კონკურენციის შემზღუდველი დებულებების კორექტირებას (ფართო MFN პირობების - ვიწრო MFN პირობებით ჩანაცვლებას) გულისხმობს.

მონიტორინგის პროცესშივე, სამიზნე ჯგუფად განსაზღვრული სუბიექტებიდან, 4 ეკონომიკური აგენტის მხრიდან მოხდა კონკურენციის კანონმდებლობის საწინააღმდეგო MFN პირობების კორექტირება ან ამოღება. (მაგ. ერთ-ერთმა ეკონომიკურმა აგენტმა MFN პირობებთან დაკავშირებით, გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიასა და პოლონეთში არსებულ სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულებების მსგავსად, გამონაკლისი დაუშვა საქართველოში არსებულ სასტუმროებთან დადებულ ხელშეკრულებებში).

დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მხრიდან, MFN პირობებთან მიმართებაში, არ ჰქონია ადგილი კონკურენციის კანონმდებლობის საწინააღმდეგო სახელშეკრულებო დათქმების გამოყენებას.

განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, სააგენტომ უზრუნველყო, რომ სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის პლატფორმების მიერ, საქართველოში არსებულ სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულებების დებულებები (MFN პირობების ნაწილში) საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსულიყო,“-ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.