„გლობალური ტენდენციაა, რომ მწვანე ეკონომიკას არ აქვს ალტერნატივა და ყველაზე მსხვილ კაპიტალიზაციას უნდა ველოდოთ სწორედ მწვანე ეკონომიკაში,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალ „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა იმ ძირითად კომპონენტებზე ისაუბრა, რომლებსაც მწვანე პოლიტიკა ეყრდნობა.
„პირველი შეეხება ჩვენი ტყის რესურსის მართვას. ჩვენ უმძიმესი პერიოდი გავიარეთ, როდესაც არაადამიანური მეთოდებით ხდებოდა ტყის გაჩეხვა საქართველოში. შვეიცარიელი და ავსტრიელი პარტნიორების დახმარებით შემუშავებული სოფლის მეურნეობის სტრატეგია, მათ შორის ტყის რესურსის მართვის კუთხით, არის ძალიან გამართული დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მწვანე საფარის მდგრად განვითარებას და ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტის მიღებას მართვის ამ მოდელისგან. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავსტრიის წარმატება, რომელიც ტყის მართვის ამ მოდელზე გადავიდა და ეკონომიკამ რამდენიმე ასეული მილიონი ევროს დამატებითი შემოსავალი მიიღო. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ახალი ველოსიპედი უნდა გამოვიგონოთ. ჩვენ ბუნებამ მოგვცა ეს სიმდიდრე, მას სჭირდება მდგრადი განვითარება და ეკონომიკის სამსახურში ჩაყენება, ისე, რომ ეს შევუნარჩუნოთ მომავალ თაობას და საქართველო მსოფლიო რუკაზე გამოკვეთილად იყოს ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ეკონომიკის ქვეყანა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მეორე მიმართულებად პრემიერ-მინისტრმა ტრანსპორტი დაასახელა და აღნიშნა, რომ ცენტრალური მთავრობა ამ კუთხით თბილისის მუნიციპალიტეტს მაქსიმალურად ეხმარება.
„წლის ბოლომდე ყვითელი ავტობუსები მოშორდება ქალაქს. მნიშვნელოვან ინვესტიციას ვახორციელებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გადავდივართ მათ შორის ელექტროტრანსპორტზე. მინდა, აქცენტი გავაკეთო ელექტრომობილების პერსპექტივაზე საქართველოში. ჩვენ გვსურს მსხვილი მწარმოებელი კომპანიის შემოყვანა, რადგან ვფიქრობთ, რომ იმ გარემოთი, რომელსაც შევქმნით, აუცილებლად იქნება ბაზარზე ისეთ მოთხოვნა, რომ შესაძლებელი იქნება ელექტრომობილების საქართველოში აწყობა“, - აღნიშნა პრემიერმა.
მესამე საკითხი, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობაა. კერძოდ, პრემიერის ინფორმაციით, მუშავდება დოკუმენტი, რომელიც ორგანული წარმოების ყველა გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
„სოფლის მეურნეობის ორგანული პროდუქციის წარმოება არის ნიშა, რომელიც საქართველომ უნდა დაიკავოს. ჩვენ ვერასოდეს გავხდებით მასობრივი მწარმოებელი და არც არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მაღალი ხარისხის სოფლის მეურნეობის ორგანული პროდუქციის მწარმოებელი, რომელზეც მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ყოველთვის იქნება ძალიან დიდი მოთხოვნა მსოფლიო ბაზრებზე, მათ შორის იმ ბაზრებზე, ვისთანაც თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება გავაფორმეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.