ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება აბსოლუტური პრიორიტეტია და ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალ „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ამ კუთხით ხელშესახები კეთილგანწყობაა და არსებობს ყველა წინაპირობა, რომ დაიწყოს შედეგზე ორიენტირებული და თამამი ნაბიჯების ორმხრივად გადადგმა ამ მიმართულებით.
„დეკემბერში აშშ-ის კონგრესმა ორპარტიული მხარდაჭერა გამოუცხადა მნიშვნელოვან დოკუმენტს საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხიც არის აღნიშნული. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და რა თქმა უნდა, ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა, ამას აუცილებლად მივაღწიოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა ისტორიული მნიშვნელობის უზარმაზარ წარმატებად შეაფასა ის ფაქტი, რომ საქართველო არის რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც პარალელურად აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან.
„ჩვენ ეს რეჟიმები კონკრეტულად უნდა გამოვიყენოთ. ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ექსპორტი მეორე დღიდან გაორმაგდება, მაგრამ ბოლო პერიოდში ექსპორტის ზრდა გვაჩვენებს, როგორ დაგვეხმარა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები ამაში. ჩვენ ვიმყოფებით გლობალურ კონკურენციაში და არსებობს სტანდარტები, რომლებიც უნდა დავაკმაყოფილოთ. ჩვენ მივისწრაფვით საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და ეს გვაძლევს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ შედეგებს, რომ სტანდარტებით და კრიტერიუმებით დავუახლოვდეთ ევროპას. პირველი არის სტანდარტების დამკვიდრება და მათი გაზომვის ინფრასტრუქტურის შექმნა და სამინისტროებს უკვე აქვთ ეს დავალება. მეორე საკითხია ლოგისტიკა. სამწუხაროდ, ლოგისტიკური შემადგენელი საერთო თვითღირებულებაში მაღალი გვაქვს, რაც ამცირებს ჩვენი საექსპორტო პროდუქციის კონკურენტუნარიანობას. ეს საკითხი მოსაგვარებელია და ამიტომ ვახორციელებთ მსხვილ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ვინაიდან ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც 2022 წლისთვის უნდა დავასრულოთ, ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მესამე და მნიშვნელოვანი საკითხია მსხვილი მოთამაშეების შემოყვანა საქართველოში, რომლებიც ქართულ კომპანიებს დაეხმარებიან, გახდნენ მსოფლიოში არსებული ღირებულებათა ჯაჭვის ნაწილი.
„არსებობს ღირებულებათა ჯაჭვი, რომლის ნაწილი უნდა გახდე, რომ მოახდინო პროდუქციის ექსპორტი და ამ მხრივ მსხვილი მოთამაშეების დაინტერესებას და საქართველოში შემოსვლას აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა. ქართულ მცირე კომპანიებსაც გაუადვილდებათ საექსპორტო ბაზრებზე ფუნქციონირება, თუ ამ ღირებულებათა ჯაჭვში ჩაჯდებიან და დარწმუნებული ვარ, ამას ბევრი მეწარმე შეძლებს“, - განაცხადა პრემიერმა.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.