ახალი ეკონომიკური მოდელი ვერ იქნება წარმატებული, თუ მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) მცირე და საშუალო ბიზნესის წილი არ გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ეს სხვადასხვა ინიციატივის მეშვეობით უნდა განხორციელდეს.
„ახალი ეკონომიკური მოდელი გულისხმობს ყველა მოქალაქის ჩართულობას, რეგიონებსა და დიდ ქალაქებს შორის ეკონომიკური განვითარების კუთხით არსებული განსხვავების აღმოფხვრას, სახელმწიფოს ადეკვატურ წვდომას კაპიტალზე, რა მხრივაც ჩვენ გამოწვევები გვაქვს და გულისხმობს მთლიან შიდა პროდუქტში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წილის გაზრდას. ჩვენ ამას სხვადასხვა ინიციატივით უნდა მივაღწიოთ. გასული წელი საბიუჯეტო პარამეტრების კუთხით განსაკუთრებით წარმატებული იყო, წარმატებული იყო 2017 წელიც, მაგრამ ჩვენი ბიუჯეტის 50%-ის ფორმირება ხდება დაახლოებით 300 კომპანიის მიერ. ასეთ ვითარებაში დიდი გამოწვევაა მცირე და საშუალო ბიზნესის წილის გაზრდა, მაგრამ თუ გვინდა ეკონომიკა მდგრადი და მოქნილი იყოს, მინიმუმ ამ 300 კომპანიაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტის 50%-ის ფორმირება. თუ ჩვენ გვინდა, ახალი ეკონომიკური მოდელი წარმატებული იყოს, ჩვენ უნდა გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მთლიან შიდა პროდუქტში“, - განაცხადა პრემიერმა.
აღნიშნულ კომენტარს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.