ეკონომიკის მინისტრის თქმით, ის „თიბისი ბაკის" საქმეს დეტალურად არ იცნობს. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას „თიბისი ბანკზე" გავლენა არ აქვს.
მინისტრი თიბისი ბანკის ტოპ-მენეჯმენტში განხორციელებულ ცვლილებებსაც გამოეხმაურა. საუბარია, 1-ელ იანვარს ბანკის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის პაატა ღაძაძის მიერ თანამდებობის დატოვებაზე.
„შესაძლებელია დროში დაემთხვა „თიბისი ბანკში" საკადრო გადაადგილებები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას ადგილი არ აქვს. კერძოდ რა ხდება „თიბისი ბანკში“ მართალი რომ გითხრათ, დეტალურად ვერ ვადევნებ თვალყურს და ამაზე დეტალურ კომენტარს ვერ გავაკეთებ," - განაცხადა ქობულიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბანკიდან გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. საქმე ეხება 17 მილიონი დოლარის ტრანზაქციას, რომელიც თურმე შესაძლოა, ფულის გათეთრების ფაქტებს შეიცავდეს.
ბანკის განმარტებით, პროკურატურის მიერ ამოღებული დოკუმენტები 2008 წლის საბანკო ოპერაციას ეხება, რომელიც არაერთხელ იქნა შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისუფლების დროს. მათ შორის „თიბისი ბანკის“ ის ტრანზაქციები, რომელსაც პროკურატურა სწავლობს, ეროვნულმა ბანკმა მეორედ შარშან ზაფხულში შეისწავლა და 2018 წლის ნოემბერში „თიბისი ბანკს“ 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა. თავის მხრივ ბანკმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა.