"ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით გამოიკვეთა საკითხები, რომელთა საბოლოო შეჯერება 8 თებერვალს დაიწყება"

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნის ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებას.

„საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა დაასრულეს ანაკლიის პორტის პროექტის დეტალური შესწავლის პროცესი. გამოიკვეთა საკითხები, რომელთა საბოლოო შეჯერება 8 თებერვალს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის ერთობლივ შეხვედრაზე დაიწყება. ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შეჯერების შემდეგ პროექტს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები დააფინანსებენ. დღეისთვის პროექტში 180 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული. გარდა ამისა, წარმატებით სრულდება მოლაპარაკებები ორ უმსხვილეს საერთაშორისო ბანკთან პროექტის კაპიტალში შემოსვლის თაობაზე. რის შემდეგაც პროექტის პირველი ფაზის დაფინანსება სრულად შეიკვრება. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნის ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია. ჩვენ ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ მის განვითარებაზე და ამ პროცესში ყოველთვის ვგრძნობთ როგორც მთავრობის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პროექტის ეროვნულ და გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - მხარს ვუჭერთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს