"ევროკავშირმა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბება შემოგვთავაზა"

ევროკავშირმა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბება შემოგვთავაზა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.

როგორც მინისტრმა ტრანსპორტის დიალოგის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, უმაღლესი დონის დიალოგის გამართვა იმის დასტურია, რომ ევროკავშირს საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.

გიორგი ქობულიას განცხადებით, ევროკავშირთან დიალოგი მთავრობას დაეხმარება, შეიმუშაოს ახალი ინიციატივები. „უკვე 2019 და 2020 წლებში ჩვენ ლოგისტიკური და სატრანსპორტო სისტემების განვითარების მნიშვნელოვან შედეგს დავინახავთ,“ - განაცხადა მან.

მისი თქმით, დიალოგის მთავარი მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.

ასეთ გადაწყვეტილებებს შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაასახელა ტრანსპორტის სფეროში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, ასევე იმ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, რომელიც ევროკავშირს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში გააჩნია.

„საუბარია არაერთ ინიციატივაზე სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის, ასევე რკინიგზის რესტრუქტურიზაციის თვალსაზრისით და საჰაერო ტრანსპორტის და სამოქალაქო ავიაციის განვითარების კუთხით. ყოველივე ეს ჩვენ დაგვეხმარება, რათა საქართველო უფრო მეტად იყოს ინტეგრირებული ევროკავშირის ბაზრებთან. ევროკავშირი საქართველოს აღიქვამს ერთ-ერთ ძირითად რეგიონულ პარტნიორად საგზაო უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. ამ მიზნით, მათ ჩვენ საქართველოში რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბება შემოგვთავაზეს, რომელიც საქართველოდან წარმართავს რეგიონის სხვა ქვეყნების გზებზე უსაფრთოხების გაუმჯობესების პროექტებს. ასეთი დიალოგები ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებს შორის, ცოტაა. ეს იყო კეთილი ნება და თავად ევროკავშირის ინიციატივა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენადაა დაინტერესებული ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი საქართველოს ინტეგრაციით ევროპის სატრანსპორტო - ლოგისტიკურ სისტემებში“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.