მაგისტრალური გაზსადენის გორი-ქარელის მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება

მაგისტრალური გაზსადენის გორი-ქარელის 700 მმ დიამეტრის 20კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების 43% უკვე შესრულებულია, რომელთა შორის არის მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა, მილების შედუღება, იზოლაცია, ტრანშეას გათხრა, მიწის უკუჩაყრა, ჰიდროტესტირება, მიწის ნაყოფიერი ფენის აღდგენა და სხვა.

"გორი-ქარელის" მონაკვეთის მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში ხორციელდება და მას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

"გორი-ქარელის" 20კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტის ღირებულება 3 889 692,24 აშშ დოლარს შეადგენს.

მშენებლობისთვის მასალების შესყიდვა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ორი ("გორი-ქარელი" და "ზესტაფონი-ქუთაისი") მონაკვეთისთვის ერთი ტენდერის ფარგლებში განხორციელდა.

მონაკვეთის მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანია AHM ENERGY GAS HEATING SYSTEMS CONSTRUCTION INDUSTRY. TIC. LTD. STI ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

”მაგისტრალური გაზსადენის "გორი-ქარელის" მონაკვეთის მშენებლობის შედეგად გაზსადენის არსებული 1960-იან წლების ბოლოს აშენებული 500 მმ დიამეტრის სექციები 700 მმ დიამეტრის სექციებით შეიცვლება და შესაბამისად, გაზსადენის გამტარუნარიანობა გაიზრდება.

დღეისთვის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის ოთხ პროექტს ახორციელებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში "გორი-ქარელის" მონაკვეთის პარალელურად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს "ზესტაფონი-ქუთაისის" მილსადენის 700მმ დიამეტრის 23კმ-იან მონაკვეთზეც. ამასთან, სამშენებლო სამუშაოები მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების "რუსთავი-საგარეჯოს" 300მმ დიამეტრის 25კმ-იან მონაკვეთზეც მიმდინარეობს. დაწყებულია სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის "წითელი ხიდი-მარნეულის" 500მმ დიამეტრის 24კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტიც", - ნათქვამია კორპორაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.