დაგიბრუნდებათ თუ არა თანხა დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლის შემთხვევაში

2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. სისტემაში ავტომატურად ჩაერთო ყველა დასაქმებული, მათ გარდა, ვისაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა - 60 წელი მამაკაცებს და 55 წელი - ქალებს.

დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც 2018 წლის 6 აგვისტომდე 40 წელი შეუსრულდა, რისთვისაც საპენსიო სააგენტოს უნდა მიმართონ. ისინი ამის გაკეთებას შეძლებენ ავტომატურად გაწევრიანებიდან 3 თვის შემდეგ, ანუ 2019 წლის 1-ლი აპრილიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდში.

რა ბედი ელის საპენსიო სისტემიდან გასვლის შემთხვევაში პირების საპენსიო ანგარიშზე დაგროვებულ თანხას, ამ საკითხთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსს“ რამდენიმე მოქალაქემ უკვე მიმართა.

კანონის თანახმად კი, საპენსიო სისტემიდან გასვლის შემთხვევაში, პირს, ასევე მის დამსაქმებელს და სახელმწიფოს განხორციელებული საპენსიო შენატანები სრულად დაუბრუნდებათ.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო შენატანი ყოველთვიურად ხელფასის 2%-ია. ამასთან, დამსაქმებელიც ვალდებულია, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს ხელფასის 2% და სახელმწიფოც იღებს ვალდებულებას, იმავე ანგარიშზე ასევე ხელფასის 2% გადარიცხოს - თუ დასაქმებულის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი წელიწადში 24 000 ლარს არ აღემატება. თუ შემოსავალი 24 000-დან 60 000 ლარამდეა, სახელმწიფო 1%-ს ჩარიცხავს, ხოლო თუ დასაქმებულის წლიური დასაბეგრი შემოსავალი 60 000 ლარზე მეტია, მაშინ არაფერი ჩაირიცხება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დასაბეგრი ხელფასი არ გულისხმობს მხოლოდ ხელფასის სახით გაცემულ თანხას. გადასარიცხი თანხის გაანგარიშება ხდება ბონუსების, ბენეფიტებისა და ყველა სხვა სარგებლის გათვალისწინებით. ანუ იგულისხმება ყველა ის სარგებელი, რომელიც თანამშრომლის შემოსავლად მიიჩნევა.

თაია არდოტელი