წელს 700 მილიონი პროექტი სახელწოდებით „ცხოვრებისთვის კომფორტული ქალაქები“ იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლიდან საქართველოში ADB -ის პროექტი იწყება სახელწოდებით „ცხოვრებისთვის კომფორტული ქალაქები“.

როგორც მაია ცქიტიშვილმა კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო“ განაცხადა, ეს არის პროექტი, რომელიც სხვადასხვა ქალაქებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას და განხორციელებას გულისხმობს.

„ADB -ის ძალიან კარგი პროექტი იწყება საქართველოში, სახელწოდებით „ცხოვრებისთვის კომფორტული ქალაქები“, რომლის განხორციელებაც 2019 წლიდან დაიწყება. ჩვენ წვდომა გვექნება ამ ფინანსებზე, თუმცა უკვე 2020 წლიდან აქტიური განხორციელების ფაზა დაიწყება. ეს არის 700 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება, რომელიც მიმართული იქნება სამეგრელოს, მესტიის, თელავის, თუშეთის და თბილისისკენ. ADB-ის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, როგორც მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება იქ, სადაც ეს არის საჭირო, ასევე ბიზნეს კომპონენტის დაფინანსება მცირე სესხების სახით. ამასთან, არის სხვადასხვა მწვანე ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა ა.შ. ანუ საკმაოდ საინტერესო და ყოვლისმომცველი პროექტია, რომელიც რეგიონული განვითარების ჩვენს ხედვაში სრულიად ჯდება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრმა რეგიონული ინფრასტრუქტურების რეაბილიტაციის ფარგლებში ისაუბრა სვანეთზეც, სადაც კოშკების რეაბილიტაცია იგეგმება.

„მესტიაში, ლაღამის უბანი არის ახალი დასახლება, სადაც არის კოშკები და რომელთაგან ბევრი აღდგენას, რეაბილიტაციას და რესტავრაციას საჭიროებს. მესტიის გარდა, ასევე ვიტყვი უშგულთან დაკავშირებით. უშგულის ოთხი თემის, დასახლების გენერალური გეგმა მზადდება, რომელიც დასრულების ფაზაშია და ასევე უშგულის დასახლების ტერიტორიაზეც გვინდა კოშკების აღდგენა, არსებული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, რადგან იქაც ამ ეტაპზე მოწესრიგებული არ გვაქვს წყალი, საკანალიზაციო სისტემა, ინტერნეტი და დენი. ანუ ეს არის ის აუცილებელი, რაც ბიზნესსაც და იქ მცხოვრებ ადამიანებსაც სჭირდებათ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.