„NDI-ის კვლევის მთავარი მიგნებაა, რომ კორუფცია, მექრთამეობა და არაგამჭვირვალე ტენდერები დაბრუნდა"

კორუფცია, მექრთამეობა, არაგამჭვირვალე ტენდერები დაბრუნდა - ასეთია NDI-ის კვლევის მთავარი მიგნება, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი NDI-ის მორიგი კვლევის შედეგებს.

„არჩევნები სულ ცოტა ხნის წინ იყო და პირველმა ტურმა რეალურად აჩვენა, თუ რა სურათი აქვთ დღეს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში.

დღევანდელი კვლევის მთავარი მიგნება არის კორუფცია, რომელიც ხალხს ძალიან აწუხებს. კორუფცია, მექრთამეობა, არაგამჭვირვალე ტენდერები დაბრუნდა მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, იმ დაწესებულებებში, რომლებიც ხარჯავენ ხალხის ფულს. სულ უფრო მეტი შემთხვევა ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი კორუფციისა სახელმწიფო სტრუქტურებში და ეს ხალხს ძალიან აწუხებს. ერთი სიტყვით, კორუფცია როგორც უმწვავესი პრობლემა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში სამწუხაროდ დაბრუნდა“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოში კორუფცია გავრცელებულია. კითხვაზე, თქვენი აზრით ზოგადად რამდენად გავრცელებულია საქართველოში კორუფცია, გამოკითხულთა 30% თვლის, რომ ძალიან გავრცელებულია, 21% ფიქრობს, რომ საერთოდ არ არის გავრცელებული, ხოლო 34%-ის აზრით, ქვეყანაში კორუფცია მეტ-ნაკლებადაა გავრცელებული.