2018 წლის ეკონომიკურ შედეგებსა და 2019 წლის პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი” თსუ-ს პროფესორ ლადო პაპავასა და საბუნებისმეტყველო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
რა დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა ეკონომიკურ საკითხებზე არსებული სტატისტიკა, რომლის თანახმადაც ყველაზე მსხვილ 50 კომპანიას შორის მხოლოდ 8 მწარმოებელია, 10 ყველაზე მსხვილ კომპანიას შორის მხოლოდ ერთია მწარმოებელი, 3 ტოტალიზატორი, დანარჩენი იმპორტიორი?
ლადო პაპავა - ეკონომიკურ საკითხებზე არსებული სტატისტიკა მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მთავრობამ უნდა შეიგნოს, რომ ადგილობრივ რესურსებზე დაფუძნებული მწარმოებლური ეკონომიკის განვითარების გარეშე ქვეყანა მუდამ სიღარიბისთვის იქნება განწირული
ლადო პაპავას შეფასებით, „ეკონომიკურ საკითხებზე არსებული სტატისტიკა მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია“. იმის ნაცვლად, რომ მთავრობა ხელს უწყობდეს ეკონომიკის რეალური სექტორის, ანუ ეკონომიკის მწარმოებლური დარგების განვითარებას, ის აქცენტს აკეთებდა საბანკო-საფინანსო სექტორის, რესტორნების, სასტუმროებისა და ზოგადად ტურიზმის განვითარებაზე.
„დღევანდელ ეკონომიკურ პოლიტიკას საფუძველი „ნაციონალების“ მმართველობისას ჩაეყარა და სამწუხაროდ, „ოცნებამ“ ის არ შეცვალა“, - დასძენს ლადო პაპავა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობისას გაჩნდა იმედი, რომ “ნაციონალების“ ეკონომიკური პოლიტიკა შეიცვლებოდა, რადგან მისი ინიციატივით საქართველოს მთავრობაში ქართველი და უცხოელი ეკონომისტების ფართო ჩართულობით მომზადდა საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - „საქართველო-2020“.
„ეკონომიკური განვითარების სტრატეგია “საქართველო-2020“ იმ მთავრობამ დაამტკიცა, რომელსაც უკვე ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, თუმცა მისმა შემცვლელმა გიორგი კვირიკაშვილმა ეს დოკუმენტი გვერდზე გადადო და გააგრძელა „ნაციონალების“ დროინდელი ეკონომიკური პოლიტიკა”, - აცხადებს ლადო პაპავა.
ალექსანდრე თვალჭრელიძის აზრით, ის კი არ არის საგანგაშო, რომ ბიუჯეტის ფორმირებაში ლომის წილს მსხვილი კომპანიები უზრუნველყოფენ, რომელთა რიცხვიც, რასაკვირველია, მცირეა. „საგანგაშო ისაა, რომ საქართველოში მწარმოებლური ეკონომიკა არ ვითარდება”
მისივე თქმით, „მთავრობამ უნდა შეიგნოს, რომ ადგილობრივ რესურსებზე დაფუძნებული მწარმოებლური ეკონომიკის განვითარების გარეშე ქვეყანა მუდამ სიღარიბისთვის იქნება განწირული.“
ალექსანდრე თვალჭრელიძის აზრით, ჩვენ ვერ გადავალთ და არც უნდა გადავიდეთ პოსტინდუსტრიულ სტადიაზე, როცა ქვეყანაში დამატებული ღირებულების 70% მომსახურების სფეროში იქმნება.„ინოვაციური ეკონომიკა კარგია, მაგრამ ქვეყანაში უნდა იწარმოებოდეს ფართო მოხმარების საგნების უმრავლესობა და ეკვივალენტად ელიავასა თუ ლილოს ბაზრობაზე ჩინური თუ თურქული წარმოების იაფფასიანი და უხარისხო ნაწარმი არ უნდა გვესახებოდეს”, - დასძენს ალექსანდრე თვალჭრელიძე.
რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ბიზნესსუბიექტების მხოლოდ მესამედზე ნაკლებია აქტიური?
ლადო პაპავა - მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საფინანსო სექტორი და რესტორნებისა და სასტუმროების მომსახურება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - კომპანიის ლიკვიდაცია რთულია. ეს სამეწარმეო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარვეზია
ლადო პაპავას თქმით, ეკონომიკური ზრდა სტატისტიკურად ფიქსირდება მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის დონის ზრდით. "მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ზრდაში კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საფინანსო სექტორი და რესტორნებისა და სასტუმროების მომსახურება“, - აცხადებს ლადო პაპავა.
რაც შეეხება ბიზნესსუბიექტებს, მათი რეგისტრირება ჯერ კიდევ „ნაციონალების“ მმართველობისას არსებითად გამარტივდა, რაც ძალიან კარგია, „თუმცა, უმოქმედო ბიზნესსუბიექტების ბაზრიდან გასვლა პრაქტიკულად იმდენადაა გართულებული, რომ ისინი ამჯობინებენ საქმიანობის შეჩერების რეჟიმზე გადასვლას“, - შენიშნავს ლადო პაპავა. მისივე თქმით, ეს საკითხი მოითხოვს აუცილებელ გადაწყვეტას, რათა უმოქმედო ბიზნესსუბიექტს ისევე ადვილად შეეძლოს იურიდიული სტატუსის გაუქმება, როგორც ამ სტატუსის მოპოვება.
ალექსანდრე თვალჭრელიძის აზრით, საქართველოში კომპანიის დაფუძნება ძალიან მარტივია, მაგრამ კომპანიის ლიკვიდაცია ერთობ რთულია. ამას დიდი ძალისხმევა, დიდი ხარჯები და სულ მცირე ექვსი თვე სჭირდება. ეს საქართველოს კანონმდებლობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარვეზია სამეწარმეო სფეროში. ამიტომ ადამიანები აფუძნებენ კომპანიებს და მერე თუ ვეღარ აამუშავეს ან ამ კომპანიების საჭიროება გაქრა, აკონსერვებენ მათ, მაგრამ ლიკვიდაციას გაურბიან. „მიუხედავად ამისა, ეკონომიკა იზრდება და, რაც მთავარია, პროდუქციის 55.7%-ს მცირე და საშუალო ბიზნესი აწარმოებს. ეს უკვე ძალიან კარგია და ეს გახლავთ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისა და პროექტის „აწარმოე საქართველოში“ შედეგი“, - აცხადებს ალექსანდრე თვალჭრელიძე.
პრემიერი გ. კვირიკაშვილი ეკონომიკური განვითარების 4-პუნქტიან გეგმაზე ამახვილებდა ყურადღებას. ქვეყანაში უმუშევრობის დონისა და სავალალო ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით გაქვთ მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი თავის ეკონომიკურ პოლიტიკაში სერიოზულ კორექტივებს შეიტანს?
ლადო პაპავა - ივანიშვილის მიერ დაპირებული ერთი წელი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ეკონომიკაში სასიკეთო ძვრები გამოიკვეთოს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მთავრობა განსხვავებულ ეკონომიკურ სტრატეგიას გეგმავს, მაგრამ როგორია ეს სტრატეგია, ჩემთვის გამოუცნობია, როგორც პრინცესა ტურანდოტის სამი გამოცანა
ლადო პაპავას თქმით, სამედიცინო განათლების და მენეჯერული გამოცდილების მქონე გიორგი კვირიკაშვილს არ ესმოდა ეკონომიკის, ამიტომაც ზემოხსენებული სერიოზული ეკონომიკური დოკუმენტი „საქართველო-2020“ ჩაანაცვლა პრიმიტიული 4-პუნქტიანი გეგმით. ფაქტია, რომ მისი პრემიერ-მინისტრობა ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკისთვის იყო საზიანო.
„საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას მისცა დაპირება, რომ ერთ წელიწადში სიტუაციას გამოასწორებს. ერთ წელიწადში ეკონომიკას ვერ უშველი, თუმცა ეს ერთი წელი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ეკონომიკაში სასიკეთო ძვრები გამოიკვეთოს”, - აცხადებს ლადო პაპავა.
მისივე თქმით, ეს კი შესაძლებელი გახდება „პრინციპულად ახალი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას, რომლის მიზანიც იქნება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნა და ეკონომიკის ინდუსტრიალიზაცია. ამგვარმა პოლიტიკამ კი შესაძლოა ზოგიერთი საკადრო ცვლილებაც და საპარლამენტო თანამდებობებზე გადაადგილებებიც გამოიწვიოს.“
ალექსანდრე თვალჭრელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას კვირიკაშვილი მოსწონს როგორც პიროვნება, მან მისი ოთხპუნქტიანი გეგმა თავისი ლაკონურობითა და ზოგადი ხასიათით ოდნავ მწარედ მარქსის „კომუნისტური პარტიის მანიფესტსაც“ კი შეადარა. „ცხადია, რომ მთავრობა განსხვავებულ ეკონომიკურ სტრატეგიას გეგმავს, მაგრამ როგორია ეს სტრატეგია, ჩემთვის გამოუცნობია, როგორც პრინცესა ტურანდოტის სამი გამოცანა“,- დასძენს ალექსანდრე თვალჭრელიძე. მისივე მტკიცებით, ისიც, რომ მმართველ გუნდში რაღაც ფორმით გადახალისება მოხდება და რომ იგი ყველაფერს გააკეთებს ეკონომიკური განვითარებისთვის. სხვა საკითხია, რამდენად წარმატებული იქნება ხელისუფლება ამ ძალისხმევაში და რამდენად სწორი იქნება მისი სტრატეგია. ეს უკვე პროფესიონალიზმის საკითხია და აქ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. “ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ძალიან ნელი ტემპებით, რაც ძირფესვიანად შესაცვლელია. ჩვენ რამდენიმე წლით ეკონომიკის ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი გვჭირდება“, - აღნიშნავს ალექსანდრე თვალჭრელიძე.
ქართული ეკონომიკის პრობლემა იმაშია, რომ სამომხმარებლო კალათის 80-70% შემოტანილ საქონელზე მოდის. თქვენი დაკვირვებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში რამდენად შეიცვალა ამ თვალსაზრისით ვითარება? თუ შეიცვალა, რის ხარჯზე?
ლადო პაპავა - ბოლო პერიოდში ექსპორტის ზრდის ტემპი მცირედით აღემატება იმპორტის ზრდის ტემპს, თუმცა ეს პრინციპულად ვერ ცვლის მკვეთრად უარყოფითი სავაჭრო ბალანსის არასახარბიელო სურათს.
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2012 წლის შემდეგ შეიცვალა რამდენიმე ფუძემდებლური გარემოება... ვინღა ყიდულობს უცხოურ რძეს, არაჟანს, ხაჭოს, კვერცხს, ლორს, ხორცს, გაჩნდა ევროპული ხარისხის ქართული წვენები და ა.შ
ლადო პაპავასგანმარტებით, საგარეო სავაჭრო ბალანსის ეს სიმახინჯე, როცა იმპორტი რამდენჯერმე აღემატება ექსპორტს, უკვე დიდი ხანია, რაც ჩამოყალიბდა. „არც „ნაცმოძრაობას" და არც „ქართულ ოცნებას“ არ გაუტარებიათ ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობას არსებითად შეცვლიდა”, - აღნიშნავს ლადო პაპავა. მისივე თქმით, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს - “ბოლო პერიოდში ექსპორტის ზრდის ტემპი მცირედით აღემატება იმპორტის ზრდის ტემპს, თუმცა ეს პრინციპულად ვერ ცვლის მკვეთრად უარყოფითი სავაჭრო ბალანსის არასახარბიელო სურათს“.
ალექსანდრე თვალჭრელიძის მტკიცებით, 2012 წლის შემდეგ შეიცვალა რამდენიმე ფუძემდებლური გარემოება. „პირველი, - შეიქმნა სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამა და, რაც მთავარია, შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რამდენიმე ასეული თანამედროვე გადამამუშავებელი მცირე და საშუალო საწარმო. მეორე, - მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკონკურსო საფუძველზე ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფული. მესამე, - დაფუძნდა სხვადასხვა სახის თანადაფინანსებისა და საინვესტიციო ფონდები. მეოთხე, - ჯერ კიდევ ბატონი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში გამოცხადდა, მისი აზრით, საკმაოდ წარმატებული პროექტი „აწარმოე საქართველოში“. მეხუთე, - შემოტანილ სასურსათო პროდუქციას გაუჩნდა ქართული კონკურენტი. ვინღა ყიდულობს უცხოურ რძეს, არაჟანს, ხაჭოს, კვერცხს, ლორს, ხორცს, გაჩნდა ევროპული ხარისხის ქართული წვენები და ა.შ. მეექვსე, - აქტიურად მიდის გზებისა და ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა. კიდევ ალბათ რაღაც დამავიწყდა, - დასძენს ალექსანდრე თვალჭრელიძე.
რას მიიჩნევდით 2018 წელს მთავრობის ყველაზე წარმატებულ და წარუმატებელ ეკონომიკურ პროექტებად?
ლადო პაპავა - 2018-მა წელმა თავი დაგვამახსოვრა ორი რამით: წლის ბოლოს მოსახლეობისთვის უიმედო ვალების განულებით და არშემდგარი კანონპროექტით, რომლის თანახმადაც საქართველოში უნდა დაწყებულიყო სამედიცინო დანიშნულების მარიხუანის საექსპორტოდ წარმოება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე წარუმატებელი იყო ინფრასტრუქტურული პროექტების შეყოვნება, ხოლო ყველაზე წარმატებული ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება, რომელსაც არა მარტო ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს
ლადო პაპავას აზრით, „2018-მა წელმა უმთავრესად თავი დაგვამახსოვრა ორი რამით: წლის ბოლოს მოსახლეობისთვის უიმედო ვალების განულებით და არშემდგარი კანონპროექტით, რომლის თანახმადაც საქართველოში უნდა დაწყებულიყო სამედიცინო დანიშნულების მარიხუანის საექსპორტოდ წარმოება.” იგი დიდი მადლობას უხდის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთლიანად ქართულ საზოგადოებას, რომელმაც აიძულა საქართველოს მთავრობა საპრეზიდენტო არჩევნების რთული ფონის გათვალისწინებით პარლამენტიდან გაეწვია ხსენებული კანონპროეტი. 2018 წელს ვაცილებთ პურზე გაძვირებული ფასით. უკვე რამდენიმე წელია სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსი, ბატონი პაატა კოღუაშვილი ითხოვს მთავრობისგან მარცვლეულის წარმოების სუბსიდირებას, ეს გაზრდიდა ქართულ ბაზარზე საქართველოში წარმოებული ხორბლის მიწოდებას, რაც შეამცირებდა საგარეო ფაქტორების შესაძლო უარყოფით ზეგავლენას. სამწუხაროდ, ბატონი პაატას ეს შეთავაზება საქართველოს მთავრობამ არ გაიზიარა და სახეზეა გაძვირებული პური”, - დასძენს ლადო პაპავა.
ალექსანდრე თვალჭრელიძის აზრით, “ყველაზე წარუმატებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შეყოვნება იყო“, ამაში ბრალი არა მარტო მთავრობას, არამედ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ჩემი აზრით, სრულიად მახინჯ კანონს მიუძღვის. „ყველაზე წარმატებული, ალბათ, მაინც ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებაა. ამ პროექტს არა მარტო ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს“,- აღნიშნავს ალექსანდრე თვალჭრელიძე.
ოპოზიცია მთავრობას ბიუჯეტით განსაზღრული 2-3 მილიარდი ლარის დაუხარჯავობას საყვედურობს. რა უნდა ვიფიქროთ, შარშანდელი ბიუჯეტი იყო არასწორად დაგეგმილი თუ მთავრობამ ჩააგდო გარკვეულ სფეროებში საქმეების კეთება?
ლადო პაპავა - მთავრობა უკვე წლებია ვერ ახერხებს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ათვისებას
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ბიუჯეტით განსაზღრული პარამეტრების შეუსრულებლობა „ნაცმოძრაობის“ მიერ შექმნილ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მახინჯ კანონს უნდა დავაბრალოთ, რომლის მთავარი კრიტერიუმი არა მაქსიმალური ხარისხი, არამედ მინიმალური ფასია
ლადო პაპავას თქმით, სამწუხაროდ, ეს თემა სულაც არ არის ახალი, რადგანაც „მთავრობა უკვე წლებია ვერ ახერხებს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ათვისებას.“ მისივე თქმით, ამ კონტექსტში აუცილებელია „საბოლოო სინათლე იქნას შეტანილი იმ 700 მლნ ლარის „გაქრობასთან“ დაკავშირებით, რაც თავად „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საჯაროდ დააფიქსირეს. თუმცა, გამოძიება დღემდე არაფერს გვეუბნება”, - დასძენს ლადო პაპავა.
ალექსანდრე თვალჭრელიძის აზრით - „ბიუჯეტით განსაზღვრული პარამეტრების შეუსრულებლობა „ნაცმოძრაობის“ მიერ შექმნილ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მახინჯ კანონს უნდა დავაბრალოთ, რის გამოც სატენდერო ვადები იწელება, ტენდერები უქმდება და ხელახლა ცხადდება, ვინაიდან კანონის მიხედვით მთავარი კრიტერიუმი არა მაქსიმალური ხარისხი, არამედ მინიმალური ფასია“.
თქვენ როგორ შეაფასებდით 2019 წლის ბიუჯეტის პარამეტრებს? თქვენი აზრით, რამდენად იქნება 2019 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებაზე, რასაც ასე საჭიროებს ქვეყანა?
ლადო პაპავა - ახალი ეკონომიკური ხედვა ჯერჯერობით მთავრობას არ ჩამოუყალიბებია და აქედან გამომდინარე, ის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც ვერ აისახებოდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ბიუჯეტის პროექტზე საუბარი ნაადრევია, რადგან მისი პარამეტრები შეიძლება დრამატულად შეიცვალოს
ლადო პაპავასშეფასებით, „2019 წლის ბიუჯეტის პარამეტრები არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის ადეკვატური, რის გაგრძელებასაც მოქმედი მთავრობა აპირებს 2019 წელს რომ გაატაროს.“ მისივე აზრით, მასში ასახულია ზომიერი ეკონომიკური ზრდა, თუმცა რამე „ახალი ეკონომიკური ხედვა ჯერჯერობით მთავრობას არ ჩამოუყალიბებია და აქედან გამომდინარე, ის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც ვერ აისახებოდა”, - აღნიშნავს ლადო პაპავა.
ალექსანდრე თვალჭრელიძის თქმით, „ბიუჯეტის პროექტზე საუბარი ნაადრევია, რადგან მისი პარამეტრები შეიძლება დრამატულად შეიცვალოს“. კიდევ ხომ გვექნება საუბრის შესაძლებლობა, როცა პარლამენტი ბიუჯეტს მიიღებს.
კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”