„ვისოლ ჯგუფმა” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჰაერის დაბინძურებისა და საავტომობილო ხმაურის შემცირების მიზნით, სტუდენტური კონკურსი „#იზრუნე” გამოაცხადეს.
„#იზრუნე” „ვისოლ ჯგუფისა” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სოციალური პროექტია, რომლის განსახორციელებლად დღეს „ვისოლის“ სათავო ოფისში ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯოიას“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ მოაწერეს. პროექტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციას ასევე ილიაუნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთი ლაკერბაია და სტუდენტური კონკურსის ჟიურის წევრები: „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი და „ჯორჯია თუდეის“ ჯგუფის აღმასრულებელი რედაქტორი მაიკო წერეთელი ესწრებოდნენ.
პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ სტუდენტური კონკურსის ფარგლებში ჰაერის დაბინძურებისა და საავტომობილო ხმაურის შემცირების მიზნით ინსპირირებულ იდეებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური, რომლის შემადგენლობაში შევლენ: არასამთავრობო, კერძო და სახელმწიფო სექტორების, ასევე მსხვილი მედიაჰოლდინგების, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ვისოლ ჯგუფის“ წარმომადგენლები.
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პროექტის მიზანი აღნიშნულ ორ თემაზე საუკეთესო იდეის მქონე სტუდენტების დაჯილდოებაა. გამარჯვებულთა გამოვლენა კი აპრილის თვეში მოხდება.
„პროექტს ეყოლება ორი გამარჯვებული. პროექტის ღირებულება მისი შინაარსიდან გამომდინარე განისაზღვრება. ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალური საშუალება მივცეთ სტუდენტებს და ძალიან არ იყვნენ ბიუჯეტის თვალსაზრისით შეზღუდული, თუმცა იქნება ზღვარი, რის ფარგლებშიც ჩვენ მათ იდეებს დავაფინანსებთ. მთავარია პროექტი იყოს კრეატიული და ემსახურებოდეს მთავარ მიზანს, რაც არის გარემოს დაცვა და ჰაერის დაბინძურების თემა. ასევე, საავტომობილო ხმაურის შემცირების მიმართულება“, – განაცხადა ვასილ ხორავამ.
„ილიაუნის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ქეთი ლაკერბაიას თქმით კი, ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი სასწავლებლის სტუდენტებს შეეძლებათ. მისი განცხადებით, კონკურსი მათ შესაძლებლობას მისცემს გარემოს დაცვით პრობლემებთან დაკავშირებით იდეებს ხორცი შეასხან და რეალური სახე მისცენ.
„გარდა ამისა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აწესებს საკუთარ პრიზს იმ იდეისთვის, რომელიც „ილიაუნისთვის“ რჩეული იქნება. ველოდებით, რომ ამ პროექტში სტუდენტების დიდი ნაწილი ძალიან ჩართული იქნება. გასულ წელსაც გვქონდა ანალოგიური პროექტი და ძალიან წარმატებით დასრულდა. წელსაც ნაკლებ შედეგებს არ ველოდებით და მასში ჩართულობა დიდი იქნება“, – განაცხადა ქეთი ლაკერბაიამ.
როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, კონკურსის შესახებ ინფორმაცია და პირობები უნივერსიტეტის საიტზე დღესვე აიტვირთება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ნომინაციაში – ილიაუნის რჩეული“ გამარჯვებული კი 3 ათას ლარიან დაფინანსებას მიიღებს.
ამასთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეაქსელერატორი Zoomout, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fablab Iliauni და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი TCO გამართავენ შეხვედრების სერიასა და ვორკშოპებს ფინალისტებისთვის და მოამზადებენ მათ ფინალისთვის.
პროექტთან დაკავშირებით საკონკურსო იდეების მიღება 4 მარტს დასრულდება, რის შემდეგაც აპრილის დასაწყისში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ისინი დამატებით ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან „ვისოლ ჯგუფში“ და საკუთარ იდეას პროფესიონალთა გუნდთან ერთად განახორციელებენ.