ფილიპ დიმიტროვი : ქართულ ბიზნესს საუზმეს საწოლში არ მიართმევენ, მაგრამ საქართველო აღიჭურვება თანამედროვე ინსტრუმენტებით

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ ევროკავშირისკენ სავალი გზის დასასრულს მიაღწია, არამედ თქვენი ქვეყნისთვის ახალი შესაძლებლობები გაიხსნა.

ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა ბათუმში, "საქართველოს ევროპული გზის" მე-11 საერთაშორისო კონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, როგორც ფილიპ დიმიტროვმა აღნიშნა, ახლა საქართველოს წინ ასოცირების დღის წესრიგი აქვს, რომლის ფარგლებშიც თანმიმდევრული ზომები უნდა იყოს მიღებული. მისივე თქმით, არსებობს უამრავი საკითხი, რომელიც ამ პროცესში უნდა განხორციელდეს.

"რა თქმა უნდა, ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ქართული ბაზარი შევა საერთო ევროპულ ბაზარზე. მეორე მხრივ, არსებობს უამრავი საკითხი, რომელიც უნდა განხორციელდეს ამ პროცესში, მათ შორის ზოგიერთი მომავალი წლის ბოლომდე, ზოგიერთი კი - შედარებით მოგვიანებით. ეს არის ეტაპობრივი პროცესი, მაგრამ საქართველო მთავარ სარგებელს დაუყოვნებლივ მიიღებს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რომ ქართულ ბიზნესს საუზმეს საწოლში მიართმევენ, მაგრამ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების გზით, საქართველო აღიჭურვება ძალიან თანამედროვე ინსტრუმენტებით", - აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.