საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 6.75 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 30 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75 პროცენტს შეადგენს.

2018 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი, პროგნოზების შესაბამისად, მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს ნარჩუნდებოდა. დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.5 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს.

გასული წლის ივლისში ეროვნულმა ბანკმა ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის პროცესი დაიწყო. საგარეო სექტორიდან მომდინარე მაკროეკონომიკური რისკების შემცირებასთან ერთად, კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ შესუსტდა ინფლაციის პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები. იმის გათვალისწინებით, რომ ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება. არსებული პროგნოზები წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომ შემცირებას ითვალისწინებს. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის (ნორმალიზაციის) პროცესის ტემპი დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება პოტენციური დონიდან მოთხოვნის ჩამორჩენა, ხოლო მეორე მხრივ, თუ რამდენად ძლიერი იქნება საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკები.

საგარეო სექტორის დადებითი ტენდენციები 2018 წლის ბოლოსაც გაგრძელდა. საქონლის ექსპორტის წლიურმა ზრდამ 2018 წელს 23 პროცენტი შეადგინა, ხოლო ტურისტული შემოსავლები ამავე პერიოდში 18 პროცენტით გაიზარდა. თუმცა, წლის მეორე ნახევრიდან როგორც საგარეო, ისე შიდა მოთხოვნის ზრდის ტემპებში, გარკვეული შენელება შეინიშნებოდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 13 მარტს გაიმართება.