თბილისში "ბიზნეს განვითარების ფორუმი" მიმდინარეობს

"ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო ცენტრში "ბიზნეს განვითარების ფორუმი" მიმდინარეობს.

ფორუმის ერთ-ერთი მედია პარტნიორია "პალიტრა მედია".

ფორუმის მენეჯერის, თეონა თავაძეს განცხადებით, ფორუმი რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. კერძოდ, ფორუმის ფარგლებში გუშინ ბიზნეს განვითარების ფორუმი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საკონსულტაციო, საბანკო და სხვა სერვისები. გამოფენის პარალელურად ჩატარდა კონფერენცია, რომლის ძირითადი თემა იყო სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოში". ამ პროგრამაში ჩართულმა თითოეულმა სააგენტომ აუდიტორიის წინაშე წარმოადგინა პრეზენტაციები, ასევე გაიმართა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.

"ეს არის ძალიან საინტერესო ფორუმი, რომელიც რამდენიმე განსხვავებული და მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბირთვი ამ ღონისძიების არის გამოფენა, სადაც წარმოდგენელი იყო საკონსულტაციო, საბანკო სერვისები. გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ამა თუ იმ კუთხით ჩართული არიან საქართველოში სხვადასხვა პროგრამაში. ძირითადი სიმძიმის ცენტრი იყო გამოფენა, თუმცა პარალელურად გაიმართა რამდენიმე საინტერესო ღონისძიება. მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ ფორუმის არის კონფერენცია, რომელიც ჩატარდა გუშინ. ძირითადი თემა იყო სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოში". თითოეულმა სააგენტომ, რომელიც ამ პროგრამის განხორციელებაშია ჩართული, მიიღო მონაწილეობა, გააკეთეს პრეზენტაციები და იყო განხილვა მნიშვნელოვანი საკითხების", - აღნიშნა თავაძემ.

ფორუმის ფარგლებში დღეს და ხვალ იმართება სემინარი. სემინარში მონაწილეობას სხვადასხვა კომპანიები იღებენ. ფორუმს 13 ივლისს გამოფენა "პრო ექსპო" დაასრულებს.