ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროსაბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.

უწყების ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს ბანკის (СEB) მიერ, საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარების მნიშვნელობაზე.

„საჯარო სექტორში აღსანიშნავია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-გამაგრებასა და აღნიშნულ სკოლებში ენერგოეფექტურობის გაზრდას, რისთვისაც СEB-თან ერთად, ფინანსური რესურსები გამოყოფილია აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობის და გარემოს დაცვითი თანამშრომლობის ფონდიდან (E5P)“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ასევე, მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს ბანკის ჩართულობა კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით.

„მხარეები სამომავლო თანამშრომლობის აქტიურ ფორმატზე შეთანხმდნენ. 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების უზრუნველყოფის, დემოკრატიული მმართველობის გაძლიერების საკითხებს, ასევე, ნდობის აღდგენის ღონისძიებების განვითარებასა და ისეთ საფრთხეებთან ბრძოლას, როგორიცაა კორუფცია, ფულის გათეთრება, კიბერდანაშაული“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.