ლურჯი მოცვის ყველაზე დიდი პლანტაცია გურიაში გაშენდება

ქართველი ფერმერი 500 ჰექტარამდე პლანტაციის გაშენებას გეგმავს, რომელიც მისი თქმით, ევროპაში უმსხვილესი იქნება.

არჩილ პაიჭაძე ერთ-ერთი პირველი ქართველი ფერმერია, რომელიც ლურჯი მოცვის ექსპორტს ახორციელებს. როგორც პაიჭაძე ამბობს, მისი პლანტაცია ჯერჯერობით 70 ჰექტარზე მდებარეობს, თუმცა უახლოეს მომავალში გაფართოებას გეგმავს.

ლურჯი მოცვის მოყვანით ქართველი ფერმერი რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა, როცა USAID-ის კვლევებს გაეცნო. კვლევის მიხედვით, დასავლეთ საქართველო იდეალურია ლურჯი მოცვის მოსაყვანად. ამ კულტურას მჟავე ნიადაგი სჭირდება, გურიაში კი სწორედ ასეთი ნიადაგია.

როგორც ფერმერი ამბობს, მსოფლიოში ლურჯ მოცვზე მოთხოვნა ძალიან დიდია, შესაბამისად ეს კულტურა შემოსავლიანი და მომგებიანია. პაიჭაძის თქმით, მისი პროდუქტი ამ ეტაპზე რუსეთის ბაზარზე გადის, თუმცა საცდელი პარტია, დაახლოებთ 12 ტონა, უკვე ევროპაშიც (დიდ ბრიტანეთში) გაიტანა.

არჩილ პაიჭაძის თქმით, ლურჯ მოცვზე ფასი ევროპულ და რუსულ ბაზარზე დიდად არ განსხვავდება. რუსეთში გატანილი მოცვი 3,80 ევრო ღირს, ევროპაში კი - 4 ევრო.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გადაცემა: ”საქმე”