ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, „ერთი სარტყელი- ერთი გზის“ საქართველოს ბიზნეს-სახლი გაიხსნა.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა იმ თვალსაზრისით, რომ ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქცია თავისი მრავალფეროვანი ასორტიმენტით პირველად წარდგა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ჩინეთის, გუანდუნის პროვინციაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალური წარმომადგენლის, ბექა მიქაბერიძის განმარტებით, პროექტი ეხმიანება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის ინიციატივას, “ერთი სარტყელი- ერთი გზის“ ქვეყნების ერთ პლატფორმაზე გაერთიანების შესახებ. საქართველოს ბიზნეს-სახლში პირველ ეტაპზე 20-მდე ქართული კომპანიის პროდუქცია გამოიფინა, რომელთა შორისაა ქართული ღვინო, ჭაჭა, საკონსერვო პროდუქცია, მინერალური წყალი, თაფლი, ზეთისხილის ზეთი, ლიმონათი, საფერავის ჩაი, ქართული ტრადიციული ნუგბარი და სხვ.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალური წარმომადგენლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუში 2017 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობაა. წარმომადგენლობა ქართველ მეწარმეებს ჩინური ბაზრის შესახებ კონსულტაციებს უწევს და ადგილობრივ ბიზნესთან საქმიანი კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება. ოფისს ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალური წარმომადგენელი ბექა მიქაბერიძე ხელმძღვანელობს.