"გლობალური მშვიდობის ინდექსში" საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა

2014 წლის "გლობალური მშვიდობის ინდექსში" საქართველო 28 საფეხურით დაწინაურდა და 162 ქვეყანას შორის 2,22 ქულით 111-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.

"ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის" ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ყველაზე დიდი ცვლილებები მოხდა პოლიტიკური სტაბილურობის გაუმჯობესების კუთხით.

2014 წლის "გლობალური მშვიდობის ინდექსის" თანახმად, უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში, მსოფლიო ნაკლებად მშვიდობიანი ადგილი გახდა.

"ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის" მონაცემებით, მსოფლიოს 162 ქვეყნიდან 111 ქვეყანაში მშვიდობის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, 51-მა ქვეყანამ კი, ინდექსში მდგომარეობა გაიუმჯობესა.

ანგარიშის თანახმად, რიგ ქვეყნებში გაიზარდა როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, ასევე ტერორისტთა აქტივობა.

გასული წლის ყველაზე ნეგატიურ მოვლენად ინდექსის ავტორები უკრაინასა და სირიაში მიმდინარე კონფლიქტს, სამხრეთ სუდანის სამოქალაქო ომს და ავღანეთში, ერაყსა და ლიბანში ტერორისტთა დაჯგუფების გააქტიურებას ასახელებენ. ამასთან, გაიზარდა ტეორისტთა მიერ განხორციელებული აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, რომელიც ინდექსის თანახმად, 12 ათასიდან 14 ათასს აღწევს.

"ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის" წლევანდელი ანგარიშის მონაცემებით, ევროპა ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია, რომლის 14 ქვეყანა ყველაზე მშვიდობიან ქვეყნებს შორის მოხვდა.

"გლობალური მშვიდობის ინდექსის" მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნები ისლანდია, დანია, ავსტრია, ახალი ზელანდია და შვეიცარია არიან. ყველაზე არამშვიდობიანი ქვეყნები კი, სირია და ავღანეთი არიან.

რაც შეეხება რუსეთს, იგი 152-ე ადგილზე აღმოჩნდა, უკრაინა 142-ზე, სომხეთი – 97-ზე, აზერბაიჯანი – 123-ზე, მოლდოვა – 71-ზე.

"გლობალური მშვიდობის ინდექსში" საქართველო პირველად 2010 წელს მოხვდა და 149 ქვეყანას შორის 142-ე ადგილზე იყო, 2011 წელს – 153 ქვეყანას შორის 134-ე ადგილზე, 2012 წელს – 158 ქვეყანს შორის 141-ე, ხოლოდ 2013 წელს 162 ქვეყანას შორის 139-ე პოზიცია ეკავა.

"ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის" წლევანდელ ანგარიშში სულ 162 ქვეყანის მონაცემები მოხვდა. კვლევის ფარგლებში გაიზომა ქვეყნებში საზოგადოების უსაფრთხოების, კონფლიქტისა და შეიარაღების ხარისხის დონეები.