საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება.
თუ ერთი წლის წინ ქვეყანაში ყოველთვიურად მხოლოდ 10 ელექტრომობილი შემოდიოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 50-მდე არის გაზრდილი. ამ დროისთვის კი ქვეყანაში თითქმის 1 600 მანქანა მოძრაობს.
ელექტრომობილების ზრდის პარალელურად, იზრდება მოთხოვნა ელექტროდამტენებზეც. როგორც E-space-ს გენერალურმა დირექტორმა სულხან გვალიამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ქვეყნის მასშტაბით კიდევ 5 სწრაფი დამტენი დამონტაჟდა და თუ მანამდე მათი რაოდენობა 55 (მათ შორის, 1 სწრაფი) იყო, ახლა უკვე 60-ს შეადგენს.
მისივე ინფორმაციით, ახალი სწრაფი დამტენები ექსპლუატაციაში თებერვლის ბოლოს შევა, მას შემდეგ რაც ინსპექტირებას გაივლის.
რაც შეეხება ლოკაციებს, დამტენები ძირითადად ავტობანზე განთავსდა.
„ამ დროისთვის კიდევ 5 სწრაფი დამტენი დავამატეთ და მათი რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. უსაფრთხოების შემოწმების მიზნით, თებერვალის შუა რიცხვებში მათი ინსპექტირება მოხდება და თებერვლის ბოლოდან ხუთივე სწრაფი დამტენი ექსპლუატაციაში შევა, ანუ ამუშავდება.
როგორც იცით, დღეს ერთი სწრაფი დამტენი უკვე მუშაობს ავტობანზე, გორთან, სოკარის ბენზინგასამართ სადგურთან, მეორე დავამატეთ იქვე, მოპირდაპირე მხარეს, ვისოლის ბენზინგასამართ სადგურთან. მესამე არის ზესტაფონში, მეოთხე ზესტაფონის გამოსასვლელში, ნეოგაზის სადგურთან, მეხუთე დაფნარის ტერიტორიაზე და მეექვსე ბათუმის გამოსასვლელში“,-აცხადებს სულან გვალია.
რაც შეეხება ელექტრომობილებს, მისივე თქმით, 2018 წლის მეოთხე თვეში საშუალოდ, 40-50 ერთეული შემოდიოდა. საერთო ჯამში, დაახლოებით, 150 მანქანა კიდევ შეემატა ავტოპარკს და დღეს ქვეყანაში 1 600-მდე ელექტრომობილი მოძრაობს.
ცნობისათვის, 2018 წლის დეკემბერში ელექტრომობილების მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 17,061 კილოვატი შეადგინა, რაც ნოემბერთან შედარებით, 145 კილოვატით მეტია. წლის დასაწყისში ანუ 2018 წლის იანვარში კი ეს მონაცემი მხოლოდ 9,144 კილოვატი იყო. E-space-ის ინფორმაციით, ჯამში, გასული წლის მე-4 კვარტალში ელექტრომობილების მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 52,489 კილოვატი, ხოლო ავტომობილების დამუხტვის რაოდენობამ 6,529 ტრანზაქცია შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების პოპულარიზაციით დედაქალაქის მერიც დაინტერესებულია. როგორც კახა კალაძე აცხადებს, მერია მზად არის მოსახლეობის მიერ შერჩეულ ყველა ლოკაციაზე ელექტროდამტენები დაამონტაჟოს.
ამასთან, კალაძის ინფორმაციით, 11 თებერვლიდან ამოქმედდება ახალი ვებგვერდი (chargers.tbilisi.gov.ge), სადაც პროექტში მონაწილეობის მსურველ ნებისმიერ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს და საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით მერიას ინფორამცია მიაწოდოს.
კალაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ბიზნესთან ერთად განხორციელდება, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი კომპანია E-space, რომელიც ელექტროდამტენებს ამონტაჟებს, პროცესში ჩართული არ არის. როგორც სულხან გვალია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, აღნიშნულ პროექტზე მერიასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
„მერისთან კომუნიკაცია გვქონდა მაშინ, როდესაც ზოგადად, ელექტრომობილების პოპულარიზაციით დაინტერესდა, თუმცა კონკრეტულად ამ პროექტზე, თუ რას გულისხმობს და როგორი პარამეტრებით განხორციელდება, არაფერი ვიცი. დეტალები ჩვენთვის უცნობია. შესაბამისად, ვერც იმას გეტყვით, ინიციატივაში ჩავერთვებით თუ არა“, - აცხადებს სულხან გვალია.