ჩვენთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის რეგიონული განვითარება ყოველთვის გახლდათ პრიორიტეტი და ეს ყველაზე კარგად აისახება როგორც ბიუჯეტის ციფრებში, ისე მის პარამეტრებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
პრემიერი სიტყვით გამოვიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018-2019 წლების ანგარიშის წარდგენამდე.
„2012 წელთან შედარებით ჩვენ ბიუჯეტი ფაქტიურად გავასამმაგეთ რეგიონული განვითარების მიმართულებით, ხოლო შარშანდელ წელთან შედარებით 20%-ით გავზარდეთ 2019 წლის ბიუჯეტი ჩვენი რეგიონებისთვის და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 2 მლრდ ლარს. ნებისმიერი დამატებითი ინვესტიცია ნიშნავს დამატებით სიცოცხლეს ჩვენი რეგიონებისთვის და ნიშნავს დამატებით შესაძლებლობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა გახლავთ ინკლუზიური ზრდა, ისეთი ტიპის ზრდა, რაც ყველა მოქალაქისთვის მისაწვდომია, ხოლო ეს მიიღწევა მხოლოდ მეცნიერული თანაბარი რეგიონული განვითარებით. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი განათლების ინფრასტრუქტურის ინვესტიციები 2019 წლის ბიუჯეტში. რამდენიმე ახალი ათეული სკოლა აშენდება 2019 წელს საქართველოში, მის ყველა კუთხეში და ეს არის ძალიან მნიშვენლოვანი ნაწილი იმ რეფორმის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ განათლების სისტემაში. ამასთან ერთად გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი ინფასტრუქტურული პროექტები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.