თევზის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „უმალი“ შესაძლოა, დახურვას გადაურჩეს, საგზაო დეპარტამენტი კომპანიას პრობლემის მოგვარებას დაპირდა. საუბარია, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის იმ მონაკვეთზე, სადაც შპს „ახალი თევზია“ განთავსებული, საწარმოსთან მისასვლელი გზა კი პირდაპირ მაგისტრალიდანაა გაჭრილი. სწორედ უკანონო დაერთების მიზეზით, საგზაო დეპარტამენტმა „უმალს“ გზა გადაუკეტა, რამაც წარმოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
აღნიშნული პრობლემის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ ერთი თვის წინ წერდა. მაშინ საწარმოს დირექტორი დიტო წვერავა აცხადებდა, რომ გზის გადაკეტვიდან მალევე, შპს-მ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ე.წ . ჯიბის პროექტი გადაუზავნა, რომლის განხორციელების შემთხვევაში (კომპანია ხარჯებს საკუთარ თავზე იღებდა) მოძრაობას საფრთხე აღარ შეექმნებოდა, თუმცა უწყებიდან პასუხს აგვიანებდნენ.
როგორც კომპანიის დირექტორი განმარტავდა, ცენტრალური გზიდან საწარმომდე 200 მეტრია გასავლელი და ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე, ხელითა და პატარა მანქანებით უწევდათ პროდუქციისა და ნედლეულის გადატანა.
აღნიშნულ საკითხზე მაშინ „ბიზნესპრესნიუსი“ საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. ჩვენს კითხვაზე, თავის დროზე რატომ მიეცა კომპანიას უკანონო დაერთების უფლება, ან მანამდე რატომ არ განხორციელდა მონიტორინგი, საგზაო დეპარტამენტში განმარტავდნენ - „იმ მომენტში ჩვენ ასეთი მონიტორინგი არ გვქონდა. თავიდან მათ მოგვმართეს წერილობით და ვუთხარით უარი“.
შპს „ახალი თევზის“ დირექტორის ინფორამციით, სულ ახალახანს საგზაო დეპარტამენტმა ვითარება ადგილზე შეისწავლა და პრობლემის მოგვარებას თებერვალში დაპირდა.
„ჯერჯერობით ისევ იგივე პირობებით ვმუშაობთ, მაგრამ საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაგვპირდა, რომ პროექტს გაგვიკეთებს. ჩვენს გაგზავნილ პროექტს დაამტკიცებენ თუ არა, არ ვიცი, მოგვივიდა პასუხი, რომ ჩვენი სპეციალისტების გუნდი გადახედავსო. სხვათაშორის, რამდენიმე დღის წინ გამოგვიგზავნეს კიდეც ჯგუფი, ვინც გადაიღო გზის აღნიშული მონაკვეთი და ალბათ, რაღაც შესწორებებს შეიტანენ. შეიძლება, ჩვენივე შეტანილი პროექტი შესწორდეს, ან ახალი გაკეთდეს. როგორც გვითხრეს თებერვლის შუა რიცხვეში ან ბოლოსკენ გადაწყდებაო. ვნახოთ რა იქნება“,-აცხადებს დიტო წვერავა.
მისი თქმით, არსებულ პირობებში კომპანიამ უკვე საკმაოდ დიდი ზარალი მიიღო და მოუწია ისეთ დიდ შეკვეთებზე უარის თქმა, რომლის ტრანსპორტირებაც პატარა მანქანებით ვერ განხორციელდებოდა.
რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, მას შემდეგ, რაც გზის პრობლემა მოგვარდება, პროდუქცია ექსპორტზე გავა.
"გეგმებშია ექსპორტზე გასვლა, ამიერკავკასიის მიმართულებით. თუმცა სანამ გზის საკითხი საბოლოოდ არ მოგვარდება, დეტალების გასაჯაროვებისგან თავს შევიკავებ. მხოლოდ ერთს დავამატებ, რომ საკმაოდ პერსპექტიული წინადადებები გვაქვს“,-აცხადებს დიტო წვერავა.
ნობისთვის, შპს „ახალი თევზი“ „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შეიქმნა და ის „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის" ბენეფიციარია. კომპანია ამ დროისთვის 4 დასახელების თევზის სალათს, ზუთხს, კალმახს, მიდიებსა და აშ. აწარმოებს. განსაკურებით ნოვატორული იყო კომპანიის მიერ წარმოებული თევზის ხინკალი, პილმენი, კატლეტი და ბლინი, რომელიც ბაზარზე „უმალის“ ბრენდით იყიდება.