მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მანქანა - Ferrari 250 GTO 52 მლნ დოლარად გაიყიდა

1963 წლის გამოშვების Ferrari 250 GTO მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი გახდა.

ამხელა თანხა ერთ ავტომობილში ჯერ არავის გადაუხდია. Bloomberg-ის ცნობით, უცნობმა კოლექციონერმა ავტომობილის პატრონს 52 მილიონი დოლარი გადაუხადა.

ადრე ავტომობილი ესპანეთში მცხოვრებ უცნობ პირს ეკუთვნოდა. 1963 წლის გამოშვების 250 GTO-ს პირველი მფლობელი კი ამერიკელი პოლ პაპალარდო იყო, რომელიც ამ მანქანით მონაწილეობას სხვადასხვა შეჯიბრებებში იღებდა.

თავად პაპალარდომ ავტომობილის გაყიდვასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

აქამდე კი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი 1962 წლის გამოშვების Ferrari 250 GTO იყო. ეს მანქანა ცნობილი ბრიტანელი მრბოლელისთვის, სტირლინგ მოსისთვის შეიქმნა. 2012 წლის ივნისში ავტომობილი 35 მილიონ დოლარად გაიყიდა, ხოლო ყოფილმა პატრონმა ის 2002 წელს 8.4 მილიონ დოლარად იყიდა.

2012 წლის აგვისტოში კი, Ferrari-ს 1967 წლის გამოშვების სპორტული მანქანა ”როდსტერ” 275 GTB/4 NART Spider ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი გახდა, რომელიც აშშ-ის აუქციონზე ოდესმე გაყიდულა. აუქციონის სახლმა RM Auctions-მა ავტომობილი 27.5 მილიონ დოლარად გაყიდა.