ბოლო 1-2 დღის განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, მათ შორის სოციალურ ქსელშიც, რომ თბილისში სასმელი წყლის ხარისხი არ არის შესაბამისობაში დადგენილ სტანდარტთან. თუმცა, სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დედაქალაქში სასმელი წყალი რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
„სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სასმელი წყლის შემოწმებას მუდმივად ახორციელებს. თბილისში, სააგენტოს ზედამხედველობითა და ჩართულობით, მიმდინარეობს წყლის სინჯების აღება და მათი კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კველევის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,“-აღნიშნულია სეს-ის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თბილისში სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით, გუშინ კომპანიამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.
მათი ცნობით, სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს. ამასთან, კომპანიის ცნობით, მათი ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებენ.