სწრაფი კვების ბაზარზე კონკურენცია მძაფრდება

როგორც ცნობილია, McDonalds, Wendy’s და Subway-ს შემდეგ, ქართულ ბაზარზე ამერიკული ქსელი „ქეი ეფ სი“ (KFC) შემოვა.

სწრაფი კვების ახალი რესტორანი, წლის ბოლომდე, პეკინზე კაფე „ნიკალას“ ადგილას განთავსდება.

სწრაფი კვების ბაზარზე მომუშავე კომპანიებში ამბობენ, რომ ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლა და კონკურენციის ზრდა არ აშინებთ.

როგორც BPN-თან საუბარში Wendy’s მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფო ჩოგოვაძე აცხადებს, ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის საინტერესოა და მომხმარებელს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.

„მაღალი კონკურენციის პირობებში უფრო საინტერესოა, რადგან განსხვავებულ გზებს ვეძებთ მომხმარებლის მოსაძიებლად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ კარგი პოზიციონირების სტრატეგია გვაქვს ბაზარზე. ვართ ხარისხზე ორიენტირებულები, მომხმარებლებს ვთავაზობთ განსხვავებულ და კომპლექსურ მომსახურებას ჩვენს ობიექტებზე. ჩვენი სეგმენტი გვყავს“, - აცხადებს ჩოგოვაძე.

კომპანია McDonalds-ში კი ყურადღებას საკუთარ უპირატესობებზე ამახვილებენ.

„სხვა ქვეყნებში ”მაკდონალდსი” წარმატებით ოპერირებს კონკურენტებთან ერთად, შესაბამისი გამოცდილება ჩვენც გვაქვს. ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ კონკურენტუნარიან ბაზარზე, ”მაკდონალდსი” ლიდერია. ჩვენი უპირატესობებია: ხარისხი, მომსახურების მაღალი დონე და სისუფთავე, რომელიც ყოველთვის განსხვავებულია კონკურენტებთან შედარებით და რა თქმა უნდა, ის პროდუქტები, რომელიც მომხმარებელს შეუძლია მიირთვას მხოლოდ ”მაკდონალდსში”. ამიტომ, მომხმარებელმა ჩვენი რესტორანი უნდა აირჩიოს უმაღლესი სტანდარტების, ხარისხის საერთაშორისო კონტროლის და იმ დაუვიწყარი ემოციის გამო, რომელსაც მხოლოდ აქ იღებს”,- აცხადებენ „McDonalds-ში“.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, დღეისათვის საქართველოში McDonalds-ის 6 რესტორანი ფუნქციონირებს აქედან 4 თბილისში, 1 ბათუმში და 1 ქუთაისში. უახლოეს მომავალში კი ქსელის გაორმაგებას აპირებენ.

კიდევ ერთი სწრაფი კვების რესტორნების ბრენდი Subway ქართულ ბაზარზე 2013 წლის ბოლოს შემოვიდა და როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, კომპანია საკმაოდ წარმატებულია და იმაზე კარგად მუშაობს, ვიდრე ეს ბიზნესგეგმით იყო გათვალისწინებული. ამ დროისთვის Subway-ის 3 რესტორანი უკვე ფუნქციონირებს და მეოთხე სულ მალე, 18 ივლისს თავისუფლების მოედანზე გაიხსნება. ხოლო 2015 წელს მინიმუმ კიდევ 5 რესტორანი დაემატება.

გიორგი ჭინჭველაშვილი, Subway-ის ფრენჩაიზის მფლობელი: ”ჩვენი პროდუქტი არის ჯანსაღი და ადგილზე მომხმარებლის თვალწინ ვამზადებთ სენდვიჩებს, ასევე გვაქვს ახალი ბოსტნეული და რაც ყველაზე მთავარია, პურს ვაცხობთ ადგილზე, ყოველ 4 საათში. რეალურად ჩვენ თვისობრივად განსხვავებული პროდუქტი გვაქვს ბურგერებისგან და სხვა სწრაფი კვების ობიექტებისგან. სწორედ ეს გამოარჩევს „Subway“-ს დანარჩენი სწრაფი კვების რესტორნებისგან და ამიტომაც არის მსოფლიოს მასშტაბით 42000-ს გადააჭარბა Subway-ის რესტორნების რაოდენობამ.“

საინტერესოა, რამდენად ხელმისაწვდომია სწრაფი კვების რესტორნები მომხმარებლებისთვის და რა საფასო სტრატეგიით მუშაობენ ისინი. თუ ფასებს გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ McDonalds-სა და Wendy’s-ში თითქმის მსგავსი ფასებია, ხოლო Subway-ში ოდნავ უფრო ძვირი. თუ მაგალითად McDonalds-სა და Wendy’s-ში ბურგერის ფასი 1.95 ლარიდან იწყება Subway-ში სენდვიჩის ფასი 4.70 ლარია, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ Subway-ს აქვს ყოველდღიური სპეციალური შემოთავაზება - დღის სენდვიჩი, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ დღეს კონკრეტული სენდვიჩი შეგიძლიათ 3.95 ლარად შეიძინოთ.

რაც შეეხება ”ნიკალას”, მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მუშაობას შეაჩერებენ, სამომავლოდ კი არ გამორიცხავენ, რომ სწრაფი კვების რესტორანი თბილისში სხვა ადგილას გახსნან.

გიორგი მუშკუდიანი

მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე: KFC fast food restaurant enters Georgian market