საქართველოში მსხვილი ჰესების მშენებლობა, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე წლით გადაიწევს, შედარებით მცირე ჰესების რამდენიმე პროექტი კი 2019 წლიდან განხორციელდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 2018 წელი ისე გავიდა, რომ არც ერთი ენერგეტიკული პროექტი არ დაძრულა. ენერგეტიკოსების შეფასებით, მთავრობა ინვესტორებთან უკვე გარკვეულ დათმობაზე მიდის და მშენებელს შესყიდვისა და ტარიფის კომპონენტში გარანტიას სთავაზობს. სხვა გამოსავალი სახელმწიფოს რეალურად არ აქვს. ელექტროენერგიის იმპორტი და მოხმარებაც კატასტროფულად მატულობს და სექტორი დღითი დღე ღრმა კრიზისში შედის.
მართალია, ჰესების მშენებლობის პროცესს მოსახლეობის პროტესტი სერიოზულად აბრკოლებს, მაგრამ, როგორც ენერგეტიკოსები ამბობენ, ეს პრობლემა გადაილახება, თუკი მთავრობა სწორ ენერგეტიკულ პოლიტიკას აირჩევს და ინვესტორებს მოიზიდავს.
სავარაუდოდ, მცირე ჰესების მშენებლობა 2019 წლიდან გააქტიურდება. ასეთ პროგნოზს ენერგეტიკოსები სამთავრობო გადაწყვეტილებების საფუძველზე აკეთებენ და აცხადებენ, რომ რამდენიმე ინვესტორთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და პროექტების განხორციელება რეალურად მიმდინარე წლიდან დაიწყება.
დღეს ქვეყანას სხვა გამოსავალი არ აქვს, რაც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის უფროს სოზარ სუბარის განცხადებიდანაც ჩანს. მისი თქმით, ხალხში გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ახალი ჰესების მშენებლობა ქვეყნისათვის საზიანოა, სიმართლეს არ შეესაბამება. სუბარის განცხადებით, მოსახლეობამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ენერგეტიკის განვითარება ქვეყნის განვითარებას წარმოადგენს და ის ყველასათვის სასიკეთოა.
"ასეთი აზრი გაისმა, თითქოს ჰესის აშენება და ენერგეტიკის განვითარება არის ქვეყნის მტრობა. უნდა გავითავისოთ, რომ ეს არის პირიქით. თუ არ განვითარდება ენერგეტიკა, ვერ განვითარდება ქვეყანა, ვერ განვითარდება ვერც ერთი დარგი.
თუ წინა წლებში ზამთრაში იყო ორჯერ და სამჯერ მეტი ენერგომოხმარება, ვიდრე ზაფხულში, ახლა ვხედავთ, რომ ზაფხულის სეზონებზეც იზრდება დენის მოხმარება. ეს არის დაკავშირებული ცალკეული წარმოებების გაჩენასთან", - ამბობს სუბარი.
სპეციალისტების შეფასებით, სახელმწიფო დონეზე თითქმის ყველაფერი კეთდება, რომ წლობით გაყინული პროექტების განხორციელება დაიწყოს. ენერგეტიკოს რეზო არველაძის განცხადებით, ქვეყანაში თითქმის ყველა წინაპირობაა, რომ ინვესტორები გაბედულად შემოვიდნენ საქართველოში.
"შედარებით დიდ სადგურებზე მოსახლეობის პროტესტია, რაც ჰესების მშენებლობას აფერხებს, მაგრამ ეს არ არის მთავარი დაბრკოლება. ჩვენ ასევე გვახსოვს, ადრე სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას, რომ სრულად შეესყიდა ელექტროენერგია, რომელსაც კონკრეტული აშენებული ელექტროსადგური გამოიმუშავებდა. შემდეგ 8 თვეზე შეთანხმდნენ, საბოლოო ჯამში კი სრულიად გააუქმეს. აქედან გამომდინარე, ინვესტორი ფიქრობს, რომ მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია თუ არ შეისყიდა სახელმწიფომ, სად უნდა წაიღოს, სხვა ქვეყნებში მოახდინოს ექსპორტი თუ პირდაპირ მონახოს მყიდველი? ეს ინვესტორისათვის შემაფერხებელი იყო.
შარშან მივიღეთ ახალი კანონი, სადაც საჯარო და კერძო თანამშრომლობის საკითხი მეტ-ნაკლებად გადაწყვეტილია. იქ არის ჩადებული კომპონენტი, რომ სახელმწიფოსაგან შესყიდვისა და ტარიფის შესახებ გარანტია წინასწარ იქნება მიცემული. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ნორმატიული აქტები მიიღო მთავრობამაც და უკვე წლევანდელი წლიდან ამ მიმართულებით უფრო გაბედულად მოვლენ ინვესტორები", - ამბობს არველაძე და დასძენს, რომ, მცირე ჰესებისაგან განსხვავებით, მსხვილი პროექტების დაწყება შეიძლება, რამდენიმე წლითგადაიდოს.
"დღეს ძალიან ბევრი პროექტია, რომლებზეც მემორანდუმი გაფორმდა, მაგრამ შეჩერებულია, განსაკუთრებით _ დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარეზე. რომელი გაბედავს პირველი და შემდეგ ვინ მიჰყვება, საუბარი გამიჭირდება, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს პროცესი მალე დაიწყება. სიმართლე გითხრათ, ეჭვი მეპარება მსხვილი პროექტების განხორციელებაში, ისეთების, როგორებიც ხუდონია, ნამახვანი, რაჭის ჰესები, ცხენისწყლის ჰესი და სხვა, შედარებით პატარები კი განხორციელდება.
მქონდა ლაპარაკი პრემიერ-მინისტრთან, შევთავაზე, რომ დაგვეწყო თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომ 3-4 წლის შემდეგ რთულ ენერგეტიკულ სიტუაციაში არ ჩავცვივდეთ. ერთ-ერთი შეიძლება იყოს ტყიბულის ნახშირზე მომუშავე ზესტაფონის სადგური, რომლის დამატებითი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს ძვირი არ დაუჯდება", - ამბობს "რეზონანსთან" რეზო არველაძე.
ენერგეტიკული პროექტების სასიცოცხლო აუცილებლობაზე საუბრობს ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა. მისი განცხადებით, გარკვეული მექანიზმი უნდა მოიძებნოს, რათა განახლებადი ენერგიისა და, პირველ რიგში, ჰიდროსადგურების მშენებლობის მხარდაჭერა მოხდეს.
"საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის, საშინელი სიღარიბის დაძლევისათვის, მომავალში თითოეული ადამიანის კეთილდღეობისათვის საჭიროა უამრავი საწარმოს, მათ შორის ენერგოტევადის შექმნა, რაც ბუნებრივად ითხოვს დამატებითი ენერგიის წყაროების – გენერაციის ობიექტების აშენებას. მოსახლეობის პროტესტი ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც ამ პროცესს აფერხებს. გარდა ამისა, საინვესტიციო კლიმატზეც უნდა ვისაუბროთ.
მოგეხსენებათ, გარკვეული მონიტორინგი იყო გამოცხადებული ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. სავალუტო ფონდსაც თავისი წინადადებები და რეკომენდაციები ჰქონდა. ეს არის ძირითადი, თუმცა ვფიქრობ, ყველაზე მთავარია, რაღაც მექანიზმი მოიძებნოს, რათა მოხდეს განახლებადი ენერგიისა და, პირველ რიგში, ჰიდროსადგურების მშენებლობის მხარდაჭერა. მთავრობის რამდენიმე პრეზენტაცია მოვისმინე და იმედი მაქვს, რომ მოკლე ხანში ეს საკითხები გადაწყდება. სხვა გამოსავალი არ არის, რადგან ელექტროენერგიის დეფიციტი იზრდება. როგორმე ჰიდროსადგურებისა და ასევე ქარის სადგურების მშენებლობა უნდა დაიწყოს და ეს პროცესი უნდა გააქტიურდეს", - აღნიშნა "რეზონანსთან" მირცხულავამ.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"