დღეს საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ მესამე ანგარიში გამოქვეყნდა. როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, „საქართველოს მკაფიო წინსვლა რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში“, 2018 წელს საქართველომ დაადასტურა მტკიცე მისწრაფება ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისა, რაც ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისრების მაღალი დონის ნოემბრის შეხვედრაზე.
"ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობები გასული წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა. 2017 წლის მარტის შემდეგ, 300 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ შეძლო მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში და 2009 წლიდან 63 000-ზე მეტმა ბიზნესმა და ფერმერმა სესხი მიიღო. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას "ასოცირების დღის წესრიგის" გათვალისწინებით მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების სფეროში. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ჩვენი ერთობლივი მუშაობის პრიორიტეტებს 2020 წლამდე და მოიცავს რეფორმებს, რომელსაც უფრო და უფრო მეტი სარგებელი მოაქვს საქართველოს და ევროკავშირის მოქალაქეებისთვის", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ.
„ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებას კვლავ მოაქვს საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებისთვის პოზიტიური შედეგები. ნოემბერის მაღალი დონის შეხვედრაზე შეთანხმებული ღონისძიებების განხორციელება ჩვენს ურთიერთობებს შემდგომ ბიძგს მისცემს. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გასავითარებლად. 2018 წლის სექტემბერში, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველი ევროპული სკოლა თბილისში გაიხსნა და საქართველომ გაზარდა მონაწილეობა ისეთ პროგრამებში, როგორიცაა სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის გაცვლითი პროგრამა ერაზმუს +“, - განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა.
საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ მე-3 ანგარიში აფასებს წინსვლას "ასოცირების დღის წესრიგის" განხორციელების პროცესში ასოცირების საბჭოს 2018 წლის 5 თებერვლის სხდომის შემდეგ. მთლიანობაში, ასოცირების შესახებ შეთანხმებაში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ჩათვლით, განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება შეთანხმებული ვადების დაცვით შესრულდა. გასული წლის განმავლობაში საქართველომ გააძლიერა თავისი დემოკრატიული ინსტიტუტები საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის და საჯარო მმართველობის სისტემის რეფორმის ფარგლებში. საპრეზიდენტო არჩევნები საერთო კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, მაგრამ მას გარკვეული ხარვეზებიც თან ახლდა. მცირე წინსვლა განხორციელდა მართლმსაჯულების სექტორის რეფორმირებაში, მაგრამ გამოწვევები კვლავ რჩება მიღწეული შედეგების გამყარებისა და ამ მიმართულებით შემდგომი წინსვლისთვის. ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო რეფორმების მე-4 ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც შეიქმნა მართლმსაჯულების რეფორმების პლატფორმა, რომელსაც პარლამენტი ხელმძღვანელობდა. წინსვლისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ ყველა მოქმედ პოლიტიკურ სუბიექტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ღია დიალოგი გააგრძელოს. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ასევე განაგრძო ძალისხმევა არალეგალური მიგრაციის საკითხების მოსაგვარებლად.
ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის სარგებელს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების საშუალებით. ტექნიკური რეგულაციებისა და სტანდარტების თანდათანობითი დაახლოებით ევროკავშირის რეგულაციებსა და სტანდარტებთან საქართველო აგრძელებს გლობალურ ჯაჭვებში თავისი მონაწილეობის განმტკიცებას. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, 2017 წელს ევროკავშირი კვლავ იყო საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და მისი წილი მთლიან ვაჭრობაში 27%-ს შეადგენდა. 2018 წლის წინასწარი მონაცემები ამ ტენდენციის გაგრძელებაზე მიუთითებს. ამ კუთხით ევროკავშირის ბაზრის გახსნა საქართველოდან ცხოველური წარმოშობის ახალი პროდუქტებისთვის მნიშვნელოვანი საეტაპო მიღწევა იყო.
გასულ წელს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის დაწყებიდან 10 წელი შესრულდა. ევროკავშირი კვლავაც სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირის მზაობა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით როგორც ყოველთვის, მტკიცეა, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და სამხრეთი კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობაში ვლინდება. 2018 წლის ივნისში პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და შესაძლებლობებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ხალხისთვის. საქართველო კვლავ არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი უსაფრთხოების სფეროში, ტერორიზმისა და საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველო ასევე მონაწილეობს ევროკავშირის ეგიდით მოქმედ მისიებში და ოპერაციებში, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს ქვეყნების მდგრადობის გაზრდას და ევროკავშირის, როგორც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველმყოფელის, როლის გაძლიერებას",-ნათქვამია ანგარიშში.