საქართველოში ფიქსირებული და მობილური კომუნიკაციების გარკვეული მომსახურებები დადგინდება - ცვლილებების პირველი პაკეტი უკვე მომზადებულია

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად, ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მომზადებულია ცვლილებების პირველი პაკეტი, რომელიც ფიქსირებული და მობილური კომუნიკაციების გარკვეული მომსახურებების დადგენას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, კომისიამ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი აქტივობა განახორციელა, მათ შორის, 2017 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილური და ფიქსირებული ქსელის კომპანიებისათვის დადგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფები მობილურ ქსელში 3,5 თეთრიდან 0,75 თეთრამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში - 2 თეთრიდან 0,28 თეთრამდე შემცირდა. ამასთან, 32 ლარიდან 13 ლარამდე დაიწია გლობალური ინტერნეტის საბითუმო რესურსებთან დაშვების მომსახურების ტარიფმა. ასევე, კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ამოქმედდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვნად შემცირდა მაგისტრალური არხებით მომსახურების საბითუმო ტარიფები.

15 იანვრიდან მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორებს მცირე და საშუალო ოპერატორების დაშვების ვალდებულებაც დაეკისრათ. ასევე, კომისიამ საცალო ბაზარზე ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა დანერგა და უახლოეს მომავალში მონიტორინგს დაიწყებს. კომისია ნებისმიერ მომენტში განახორციელებს ინტერნეტის ხარისხის კონტროლს, იმის დასადგენად, რამდენად ხარისხიან და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის მომსახურებას აწვდის ოპერატორი მომხმარებელს. გადაცდომების შემთხვევაში კომისიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება.

თაია არდოტელი