საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, თუ საფინანსო სექტორში განხორციელებული რეგულაციები რომელიმე სეგმენტს ფატალურ შედეგამდე მიიყვანს, ეროვნული ბანკი მზადაა, რომ რეგულაციებს გადახედოს.
„ცალსახად არის ეროვნული ბანკის მხრიდან გამოთქმული მზაობა, რომ თუ ის პრობლემები, რაზეც ჩვენ მარეგულირებელს ვესაუბრებით, საბანკო სექტორში მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, შეიძლება რეგულაციები გადაიხედოს. უმთავრესი პრინციპი რაც არ შეიცვლება, არის ის, რომ სესხი შემოსავალზე ორიენტირებული უნდა იყოს, მაგრამ თუ ეს ფატალურ შედეგამდე მიიყვანს კონკრეტულ სეგმენტს, შეიძლება დამატებითი კონსულტაციები. ამ საკითხზე პროგნოზების გაკეთება ჯერჯერობით ძალიან ადრეა. რეგულაციების ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი თვეა გასული. თუმცა უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მძიმე და დიდი რეგულაციებია და მნიშვნელოვანია, რომ საფინანსო სექტორი არსებულ გამოწვევებს მოერგოს,“-განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის დებულება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“, რომლითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება დაევალა. ამასთან, დადგინდა სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტებიც.