ჯონ ჰერცი - ავტოგაქირავების მეფე

როგორ გაჩნდა და გავრცელდა ყვითელი ტაქსები მთელ მსოფლიოში

არის ასეთი ამერიკული ხუმრობა: თუ თქვენს ქალაქში არ არის ”ჰერცის” ავტოგაქირავება და ”მაკდონალდსი”, იბადება კითხვა - ნამდვილად ამერიკაში ცხოვრობთ?

ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ კომპანია Hertz Corporation-ის გავლენა ავტოსამყაროზე არაფრით ჩამოუვარდებოდა ჰენრი ფორდისას. თუ ფორდმა შექმნა კონვეიერი და ავტომობილი მასობრივი გახადა, ჰერცმა მსოფლიოს ყვითელი ტაქსები აჩუქა და მომსახურების სფერო, როგორიცაა ავტომობილის გაქირავება, საყოველთაოდ განავრცო. აგრეთვე, მან დააარსა აშშ-ში პირველი უმსხვილესი საავტობუსო კომპანია.

ახდენა ყველა ოცნებას არ უწერია. ასე დაემართა ჯონ ჰერცსაც. ის 1869 წელს დაიბადა უნგრეთის ქალაქ რუტკაში, რომელიც მაშინ ავსტრია-უნგრეთის სამეფოში შედიოდა. დღეს ქალაქი რუტკა სლოვაკეთშია. ვაჟის შეძენიდან ხუთი წლის შემდეგ ოჯახი ემიგრაციაში წავიდა, ევროპიდან აშშ-ში.

ჯონი ბავშვობიდან სპორტზე ოცნებობდა. ოღონდ არა სპორტსმენობაზე, არამედ სპორტულ ჟურნალისტობაზე, მაგრამ როგორც ცხოვრებაში ხშირად ხდება, მის ამ ოცნებას ახდენა არ ეწერა.თავი რომ გაეტანა, ჰერცმა ავტომობილებით ვაჭრობას მოჰყო ხელი. შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდეს, როგორ შეეძლო ხელმოკლე ოჯახის შვილს ავტოვაჭრობის წამოწყება, მაგრამ ეს იმ დროისთვის ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. ჰერცი ავტომანქანას საკუთარი ფულით ყიდულობდა და შემდეგ მოგებით ყიდდა. ჯონს არც იმას უშლიდა ვინმე, ჯერ კლიენტი ეპოვნა და მისი ფულით წასულიყო მანქანის შესაძენად ფორდის ქარხანაში. პირველი კაპიტალი ჭაბუკმა სწორედ მანქანების გაყიდვით დააგროვა. რასაკვირველია, ჰერცი პირველი არ გახლდათ, ვინც ავტომობილებით ვაჭრობდა. XX საუკუნის დასაწყისში აშშ-ში ეს ერთობ გავრცელებული ბიზნესი იყო. ამ საქმეს ჯონი არ გაუმდიდრებია, უბრალოდ, იმდენი ფულის დაგროვება მოახერხა, შეეძლო ან დაემღერებინა, ან რამე საქმეში ჩაედო. მან მეორე გზა ამჯობინა.

ყვითელი ტაქსების დაბადება

ავტომოვაჭრეთა ბაზარზე კონკურენცია დღითი დღე იზრდებოდა. საჭირო იყო ახალ-ახალი სვლების მოფიქრება, კონკურენტები რომ დაგეჯაბნა. ერთ-ერთი ასეთი სვლა იყო ჯონის გადაწყვეტილება, მყიდველისგან ახალი ავტომობილის საფასურის ნაწილად ძველი მანქანა მიეღო. დღეს ამ მეთოდს დილერთა უმრავლესობა მიმართავს, იმ დროისთვის კი ნამდვილად ახალი ხილი გახლდათ. რა უნდა ექნა ჰერცს ძველი ავტომობილებისთვის? მან ისინი ყვითლად გადაღება და ტაქსებად აქცია.

ასე გაჩნდა აშშ-ში პირველი ტაქსების სამსახური, სახელწოდებით Yellow Cab-ი. ჰერცის წყალობით ტაქსი, ფაქტობრივად, საზოგადოებრივ ტრანსპორტად გადაიქცა. რასაკვირველია, ტაქსები მანამდეც არსებობდა, ოღონდ ტაქსისტები კერძო პირები იყვნენ. ისიც უნდა ითქვას, რომ ჯონის პრაქტიკა - ტაქსების ყვითლად გადაღებვა - მთელ მსოფლიოში გავრცელდა და პლანეტის ყველა ტაქსოპარკის სტანდარტულ ფერად იქცა, დიდი ბრიტანეთის გარდა. ყვითელი ფერის არჩევა შემთხვევითობა არ ყოფილა. ფერის წყალობით ”იელოუ კების” მანქანები ყველა დანარჩენისგან გამოირჩეოდა, განსაკუთრებით ”ფორდის” კლასიკური შავი ავტომობილებისგან. ადამიანები მანქანების ნაკადში ადვილად ცნობდნენ ტაქსებს. თანაც ”იელოუ კები” აქტიურად ავრცელებდა რეკლამას პრესაში. მთავარი გზავნილი იყო: ”თუ თქვენ მიერ გამოძახებული ტაქსი ათ წუთზე მეტ ხანს დაიგვიანებს, თქვენი მგზავრობის საფასურს ”იელოუ კები” იხდის!” ეს ჭეშმარიტად ძლიერი სვლა იყო. კომპანიის ტაქსები მთელ შტატებს მოედო. კიდევ ერთი რეკლამა კი უჩვენებდა ტაქსის უპირატესობას ჩვეულებრივ ტრანსპორტთან, მათ შორის, საკუთარ მანქანასთან შედარებით: ”გამოიძახეთ ტაქსი, მიბრძანდით ადგილზე და თქვენს საქმეებზე უდარდელად იზრუნეთ! - არ გჭირდებათ მანქანისთვის ავტოსადგომის მოძებნა”.

მიუხედავად თავისი ბიზნესის არნახული წარმატებისა, ჯონ ჰერცს არ სურდა მთელი ცხოვრება ტაქსისთვის მიეძღვნა. მან 1923 წელს კომპანია გაყიდა. ფულის ნაწილით კი ჩიკაგოში უოლტორ ჯეიკობსის მიერ დაარსებული მანქანების გამქირავებელი ფირმა იყიდა.

ავტოგაქირავების კორპორაცია

ჯეიკობსის კომპანიის წლიური ბრუნვა, ყიდვის მომენტისთვის, წელიწადში $1 მილიონს აღემატებოდა. იდეა ერთობ პერსპექტიული ჩანდა, უოლტერის კომპანია ერთ-ერთი პირველი იყო ამ სფეროში.

1918 წელს დაარსებული ფირმა დღითი დღე კი არა, საათობით იზრდებოდა. ჯეიკობსი ”ფორდის” ავტომობილებს ყიდულობდა, აწესრიგებდა და მერე აქირავებდა. გაქირავება დიდად პოპულარული იყო ადგილობრივებში, განსაკუთრებით კი შტატების სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულებს შორის.

მართალია, კომპანია გაყიდა, მაგრამ ჯეიკობსი მთლიანად არ ჩამოშორებია საქმეს და დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. ფირმას Hertz Drive-Yourself Corporation-ი დაერქვა. ჯონის ახალი ქმნილების სტრატეგია იყო ერთნაირი სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით - ერთნაირი მანქანები, ერთნაირი მომსახურება, ერთნაირი ფასები - ასეთად ხედავდა ჯონ ჰერცი თავის კომპანიას.

მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ კომპანიაში კლიენტებს ხშირად სთავაზობდნენ სხვადასხვა ფასდაკლებას. ამასთან, ყველა გასაქირავებელი მანქანა ახალი იყო. ჰერცი არ ყიდულობდა ნახმარ ავტომობილებს, ამიტომაც კომპანიის მომსახურებაც არ ღირდა ძალიან იაფი.

ბიზნესის ნამდვილი აღმასვლა მაშინ დაიწყო, როცა ყურადღება აეროპორტებზე გადაიტანეს. დაინერგა მომსახურების სახეობა Fly and Drive, რომლის ფარგლებშიც თვითმფრინავის მგზავრებს ფასდაკლებით შეეძლოთ ”ჰერცის” მანქანის დაქირავება. ჯონი ცდილობდა, ავტოგაქირავების წერტილი აშშ-ის ყოველი აეროპორტის გვერდით გაეხსნა. ჩამოსულ მგზავრებს ”ჰერცის” მანქანები ფიქრისა და ყოყმანის გარეშე, ლამის ავტომატურად უნდა აერჩიათ. რაც მთავარია, შემოიღეს გაქირავების ახალი სახეობა, რომელიც სფეროში სტანდარტად გადაიქცა - მანქანას დაიქირავებდით ერთ ქალაქში, თუმცა შეგეძლო დაგებრუნებინათ მეორეში. და ამას ძალიან უწყობდა ხელს ის, რომ თითქმის ყველა ქალაქში, ყველა აეროპორტთან, ფირმას გასაქირავებელი პუნქტი ჰქონდა.

1932 წელს ჯონ ჰერცს კომპანიის მყიდველად ”ჯენერალ მოტორსი” მოევლინა. გარიგება შედგა, ”ჰერცი” გაიყიდა, ჯონი კი დირექტორთა საბჭოს წევრად დარჩა. აღებული ფულით მან ახალი საქმის წამოწყება გადაწყვიტა.

მსოფლიო ქსელი

ჯონ ჰერცის ახალი ბიზნესიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა.Omnibus Corporation-ი - ავტობუსების კომპანია - პოპულარული გახდა და ფრიად შეავიწროვა ტრამვაი, იმ დროის ყველაზე პოპულარული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჯონ ჰერცი დიდ სიამოვნებას იღებდა ამ ბიზნესისგან და რასაკვირველია, დიდ ფულსაც. მაგრამ მისი გული მაინც სეხნია კომპანიას ეკუთვნოდა.

1950 წელს ”ჰერცმა” თავისი პირველი წარმომადგენლობა გახსნა ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში. სამი წლის შემდეგ ჯონმა ”ჯენერალ მოტორზისგან” კომპანიაში წილი გამოისყიდა, რისი სახსრებიც ”ომნიბუს კორპორეიშნის” წარმატებამ მოიტანა. მან მთელი ძალები საერთაშორისო ექსპანსიისკენ მიმართა და ეს ბიზნესპოლიტიკა მისმა მემკვიდრეებმაც განაგრძეს. ევროპის დაპყრობის შემდეგ, 1961 წელს სამხრეთ ამერიკაში ”ჰერცის” ავტოგაქირავების პირველი სერვისი გაჩნდა. აზიის ჯერი 1978 წელს დადგა, ხოლო 1980 წელს -ავსტრალიისა. გარდა ამისა, ჰერცმა კომპანიაში დაბრუნების შემდეგ ის საჯარო გახადა და მისი აქციები საფონდო ბირჟაზე გაიტანა. ფინანსური წარმატებების მიუხედავად, ჯონი მაინც ახალ-ახალ მწვერვალებს მიელტვოდა.

იგი გამუდმებით სრულყოფდა კომპანიის ტექნიკურ მხარეს, აუმჯობესებდა სერვისს, მუშაობდა სხვა სფეროებში. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი ხელმძღვანელობდა ორ ბანკს, სათავეში ედგა ცნობილ კინოკომპანია ”პარამაუნტ პიკჩერზს”. ჰერცი, რომელსაც მეუღლე და სამი შვილი დარჩა, 1961 წელს გარდაიცვალა. მისი სიკვდილი კომპანიისთვის საბედისწერო არ გამხდარა და იგი ზრდა-განვითარებას განაგრძობდა.

* * *

თავკაცის გარდაცვალების შემდეგ კომპანიაში განვითარების მოდელზე ბევრი აღარ უფიქრიათ, უბრალოდ, დაწესებულ სტანდარტს მიჰყვნენ, რომელიც ინოვაციას პირველ ადგილზე აყენებდა. 70-იან წლებში კომპანიაში საინფორმაციო სისტემა დაინერგა. მანქანის დაქირავება ტელეფონით მთელი აშშ-ის მასშტაბით გახდა შესაძლებელი, თანაც 24 საათის განმავლობაში.

ახლაც ”ჰერცი” მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა მანქანების გაქირავების სფეროში. კომპანიის ავტომობილები GPS-ის სანავიგაციო სისტემითაა აღჭურვილი, რაც კლიენტს საშუალებას აძლევს, უმოკლესი მარშრუტი შეარჩიოს. მომსახურების ფასებიც განსხვავებულია - ცხადია, რომ კლიენტს ”იაგუარის” დაქირავება მეტი დაუჯდება, ვიდრე ”ფორდისა”. დღეს ბიზნესს უკვე Hertz Global Holdings Inc ეწოდება. მანქანების გარდა, რისთვისაც 145-ზე მეტ ქვეყანაში დაახლოებით 8,5 ათასი პუნქტი აქვს გახსნილი, ”ჰერცი” 300-ზე მეტი სახის მოწყობილობა-დანადგარებს აქირავებს. ბიზნესგამოცემა ”ფორბსის” 2 ათასი უმსხვილესი საჯარო კომპანიების ბოლო რეიტინგში, რომელიც 2012 წლის აპრილში გამოქვეყნდა, ჰოლდინგს 1254-ე ადგილი ერგო $6,29-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით. მისთვის 23,9 ათასი ადამიანი მუშაობს, ხოლო წლიური გაყიდვა $8,3 მილიარდია.

ნატა ენუქიძე

bpn